სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

გირჩი: თუ მოძალადე არ დაისჯება, სახელმწიფოს გზავნილი იქნება, რომ ძალადობა შეიძლება

ახალი პოლიტიკური ცენტრი, გირჩი, ტრანსგენდერ ქალზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ამჯერადაც მოძალადეები არ დაისჯებიან კანონის სრული ძალით, ამით სახელმწიფო მხოლოდ ერთ გზავნილს გაუშვებს ყველა პოტენციურ მოძალადესთან - რომ ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობა შეიძლება.

გირჩი ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ ისე, რომ ადამიანის გენდერული იდენტობა არ იყოს მისი ტრაგედიის მიზეზი.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერ ქალს განსაკუთრებული, არაადამიანური სისასტიკით უსწორდებიან და სახეზე გვაქვს სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის ყველა ნიშანი. თუ ამჯერადაც მოძალადეები არ დაისჯებიან კანონის სრული ძალით, ისეთივე ძალით, როგორითაც ისინი დანაშაულს ჩადიან, ამით სახელმწიფო მხოლოდ ერთ გზავნილს გაუშვებს ყველა პოტენციურ მოძალადესთან - რომ ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობა შეიძლება. ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოების სრული სპექტრის ვალდებულებაა გავერთიანდეთ იმ ადამიანების უფლებების დასაცავად, ვისი უფლებების დაცვაც სახელმწიფოს არ მიაჩნია პრიორიტეტულად. სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ ისე, რომ ადამიანის გენდერული იდენტობა არ იყოს მისი ტრაგედიის მიზეზი. ჩვენი ვალდებულებაა დავდგეთ იმათ გვერდზე, ვინც მარტოა და ამის გამო ადვილი სამიზნეა", - აცხადებს გირჩი.

გირჩის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დღევანდელ საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება არის ზიზღნარევი სიძულვილი, რის გამოც ამ ადამიანებს უწევთ ცხოვრება შიშსა და იზოლაციაში.

"ტრანსგენდერ ადამიანებს უწევთ ყოველდღიური ბრძოლა საკუთარი იდენტობისთვის. ჩვენი სახელმწიფო ვერც კულტურულ და ვერც სამართლებრივ დონეზე ვერ იღებს მათ იდენტობას, მათი ცხოვრებისეული არჩევანი შეზღუდულია. მათი ადამიანური უფლებები დაუცველია, მათი სტატუსი საზოგადოებაში სტიგმატიზებულია, პოლიციის მიერ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ ხერხდება. რეალობა არის ის, რომ დღევანდელ საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება არის ზიზღნარევი სიძულვილი, რის გამოც ამ ადამიანებს უწევთ ცხოვრება შიშსა და იზოლაციაში" - ამბობენ ახალ პოლიტიკურ ცენტრში.

14 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისში, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით გაუსწორდა. ის ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ტაბულას განუცხადეს, რომ პაციენტი პოლიტრავმით შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე უწყება ამ დროისთვის არ საუბრობს.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) არ გამორიცხავს, რომ თბილისში, ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა შესაძლოა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი.

იურისტი და „თანასწორობა 17-ის“ ხელმძღვანელი ნინო ბოლქვაძეც ამბობს, რომ გუშინ, ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა სავარაუდოდ სიძულვილით იყო მოტივირებული

კომენტარები