თავდაცვის სამინისტრო

ომბუდსმენი: სასწავლო ცენტრ კრწანისში მომხდარის შესწავლა დავიწყეთ

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველმა სასწავლო ცენტრ კრწანისში მომხდარის მოკვლევა დაიწყო. უჩა ნანუაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მას კითხვები არ უჩნდება, რადგან გუშაგები ადასტურებენ, რომ უცხო პირები ნამდვილად იმყოფებოდნენ სამხედრო ნაწილის ტერიოტორიაზე.

"საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. ჩვენი წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ ადგილზე, გაესაუბრნენ სავარაუდო მოწმეებს, მათ შორის იმ პირს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ინციდენტში. იგულისხმება გუშაგები, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ საქმის შესწავლას, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ჯერ რაიმე გამოიკვეთა, რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე ამ ეტაპზე არ მიჩნდება კითხვები იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, მართლაც იყო გარკვეული საკითხი პრობლემური, ანუ ის ადამიანები რომ იყვნენ გადასული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ამას ადასტურებენ გუშაგები. თუმცა, იყო თუ არა ყველა პროცედურა დაცული, ამას შევისწავლით", - ამბობს ნანუაშვილი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე სამი უცნობი პირი კვირას დილით შეიჭრა. უწყების მტკიცებით, ისინი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და მას ცეცხლმაქრი ესროლეს. ამის შემდეგ, გუშაგმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა. ხოლო, მოკლულის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს. ისინი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ. დაღუპულის მამის თქმით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ, დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ.

კომენტარები