ქართული მაფია ესპანეთში

ესპანური მედიის ცნობით, დაკავებულია ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 44 წევრი

2014 წელი. ოპერაცია "აიკონის" დაზვერვა
abc.es

ესპანური გამოცემა ABC España-ს ცნობით, სამშაბათს 29 ნოემბერს ქვეყნის პოლიციამ ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია წამოიწყო და 44 ადამიანი დააკავა.

ამ დროისთვის გაურკვეველია, 44 დაკავებულიდან რამდენია საქართველოს მოქალაქე.

გამოცემის წყაროების ცნობით, ეს დანაშაულებრივი ჯგუფი პასუხისმგებელია მადრიდში მომხდარი ბინების ძარცვის 60%-ზე.

დაკავებულთა შორის არიან ესპანელებიც, რომლებიც მოპარულ ნივთებს ყიდულობნენ.

ამავე ინფორმაციით, გამოცემულია ორდერი ჯგუფის ლიდერის, კანონიერი ქურდის სპარტაკ ჯ.-ს დასაკავებლად, რომელიც, სავარაუდოდ იტალიაში იმყოფება.

გამოცემა წერს, რომ მიმდინარე გამოძიება 2015 წლის ივლისში ჩატარებული ოპერაციის გაგრძელებაა. მაშინ ბინების ძარცვაზე პასუხისმგებელი დანაშაულებრივი ჯგუფის ათობით წევრი დააკავეს, ძირითადად ქართველები. იმ პერიოდში დაჯგუფებას ესპანეთში მოქმედი კანონიერი ქურდი ზვიად დარსაძე მართავდა.

ესპანური მედიის ცნობით, 2015 წელს გათავისუფლებული და ქვეყნიდან წასული ქართველები ჩაანაცვლეს იმავე ორგანიზაციის წევრმა, იტალიიდან ჩამოსულმა ქართველებმა. დღევანდელი სპეცოპერაციისას აყვანილთა ნაწილს ბრალად სწორედ მათი ბინებითა და ყალბი დოკუმენტაციით უზრუნველყოფა ედება.

მომხდარზე წერს კიდევ ერთი ესპანური გამოცემა El Mundo. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებები ძირითადად მადრიდსა და ბარსელონაში მოხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ესპანეთში საქართველოს საელჩოში ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ შესულა. ტაბულა განაგრძობს ინფორმაციის გადამოწმებას.

კომენტარები