დიდთოვლობა გზებზე

ჯვრის უღელტეხილზე 60-მდე მანქანაა გაჩერებული, გზის გაწმენდა არ მიმდინარეობს

რუსთავი 2

რუსეთიდან მომავალი 60-მდე მანქანა მეოთხე დღეა ჯვრის უღელტეხილზეა გაჩერებული. დიდთოვლობის გამო გზაზე დარჩენილი მძღოლები ამბობენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები არ მინდინარეობს და დახმარებას ითხოვენ. მათივე თქმით, ამოეწურათ საწვავისა და საკვების მარაგი.

გზების დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ზვავსაშიშროების გამო, გზის გაწმენდა არ მიმდინარეობს. უწყების თავმჯდომარისის თქმით, მუდმივ კონტაქტზე არიან გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.

"თოვლის საფარმა უღელტეხილის მიდამოებში ორ მეტრს გადააჭარბა. გზის წმენდა შეწყვეტილია გამომდინარე იქედან, რომ მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. სანამ არ ჩამოვა ყველა საშიში ზვავი, რაც ძალიან საშიშია, იქამდე წმენდა არ განახლდება. ჩვენ დილიდან ვუკავშირდებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს და მათი ინფორმაციით, ხვალიდან შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად წმენდის დაწყება. ტექნიკა მთლიანად მობილიზებულია, პირადად ვხელმძღვანელობ სიტუაციას", - აცხადებს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე.

 

კომენტარები