რუსეთის ელჩის მკვლელობა

სლუცკი: საშინელი ტრაგედიაა, თუმცა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ დაზარალდება

ტაბულა

"ეს არის საშინელი ტრაგედია, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ დაზარალდება" - თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას დუმაში საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა არ გაცივდება".

რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი დღეს საღამოს, ანკარაში, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე მოკლეს. ელჩს მაშინ ესროლეს, როდესაც სიტყვით გამოდიოდა. კარლოვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თავდამსხმელს კოსტიუმი ეცვა და სტუმრებს შორის იდგა. როდესაც ელჩმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მან Allahu Akbar დაიყვირა და სულ მცირე 8-ჯერ გაისროლა. თურქულმა პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა. ანკარის მერმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ შეიარაღებული პირი პოლიციელი იყო.

შემთხვევა, სავარაუდოდ, სირიის კონფლიქტში რუსეთის ინტერვენციას უკავშირდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარი უკვე დაგმო. რუსეთმა კი, ელჩის მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამასთან, Reuters-ი CNN Turk-ზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის შესახებ, რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

კარლოვი მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებდა.

კომენტარები