რუსეთის ელჩის მკვლელობა

თურქეთის საგარეო უწყება: არ დავუშვებთ, ჩრდილი მიადგეს რუსეთთან მეგობრობას

REUTERS

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობა დაგმო და მას "სულმდაბალი ტერაქტი" უწოდა. უწყების განცხადებით, "თურქეთი არ დაუშვებს, რომ ამ ინციდენტმა ჩრდილი მიაყენოს რუსეთთან მეგობრობას".

ამასთან თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაღუპული ელჩის ხსოვნას პატივი მიაგო და მას პატივსაცემი დიპლომატი უწოდა.

რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი დღეს საღამოს, ანკარაში, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე მოკლეს. ელჩს მაშინ ესროლეს, როდესაც სიტყვით გამოდიოდა. კარლოვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი ანკარის პოლიციის სპეცრაზმელი, 1994 წელს დაბადებული მევლუთ მერთ ალთინთასი იყო. ესროლა. როდესაც ელჩმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მან Allahu Akbar დაიყვირა და სულ მცირე 8-ჯერ გაისროლა. თურქულმა პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ალთინთასი მარტო მოქმედებდა თუ ჯგუფთან ერთად.

შემთხვევა, სავარაუდოდ, სირიის კონფლიქტში რუსეთის ინტერვენციას უკავშირდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარი უკვე დაგმო. რუსეთმა კი, ელჩის მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამასთან, Reuters-ი CNN Turk-ზე დაყრდნობით წერს, რომ მომხდარის შესახებ, რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

კომენტარები