ტურიზმი

პრემიერი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ზამთრის სეზონის განმავლობაში შეფერხებები არ იყოს

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ზამთრის ტურისტულ სეზონზე შეფერხებები არ იყოს. მან მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში იხსნება ახალი საბაგირო გუდაურში, მიტარბის ახალ კურორტსა და თეთნულდზე.

"მინდა, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრს დავავალო, მე, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ მომავალ წელს, ასევე მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მაგრამ ზამთრის სეზონში არის ხოლმე ხშირი შეფერხებები უამინდობის გამო და რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოთ, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად იმისათვის, რომ არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ ტურისტებს, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე დამსვენებლებს, ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი, ისარგებლონ ამ კურორტებით. ეს მოგეხსენებათ, არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ თითოეული დამსვენებელი აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

"ეს არის არა მხოლოდ უზარმაზარი ეკონომიკური კომპლექსი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მთის განვითარებაზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი, იმისათვის რომ შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში", - თქვა კვირიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. 

მოთხილამურე პატრულის ფუნქცია-მოვალეობებია: სათხილამურო გზით მოსარგებლე პირთა წესების დაცვის კონტროლი; საფრთხის შემქმნელ პირთა სათხილამურო გზიდან ჩამოშორება; ალკოჰოლურ ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედების დამახასიათებელი ქცევის კონტროლი; მოსწავლე-მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალის კონტროლი და უსაფრთხოების ზომების დაცვა; სათხილამურო ტრანსპორტზე აკრძალული ტრანსპორტით გადაადგილების აღკვეთა; სათხილამურო გზებზე არსებული მონიშვნების, ნიშნების და უსაფრთხოების ბარიერების კონტროლი. პოლიციელებს ფორმის ტანსაცმელსა და სათხილამურო ჩაფხუტზე აქვთ განმასხვავებელი წარწერა – „SKI PATROL“ და „POLICE“.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აკრძალულია: სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირებისა; სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის მიერ სრიალი ან თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში; დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა; ასევე, დაუშვებელია სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სხვა მოსარგებლესთან შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვება დაზარალებულისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და უფლებამოსილი ორგანოსთვის ან პირისთვის შეტყობინების გარეშე.

კომენტარები