ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: მერკანტილური ამბიციების ვიწრო ჯგუფი პარტიის დემოკრატიულ განვითარებას კლავს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან უგულებელყო პარტიის მეორე ჯგუფის მიერ მომდევნო ყრილობის არალეგიტიმურობაზე საუბარი, მათ "მერკანტილური ამბიციების ვიწრო ჯგუფი" უწოდა და თქვა, რომ ისინი პარტიის დემოკრატიულ განვითარებას "კლავენ".

"30 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 20 იანვარს სპორტის სასახლეში გაიმართება მრავალათასიანი ყრილობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 7000 დელეგატი. ამ ყველაფრის შემდეგ თბილისისა და რეგიონალური ორგანიზაციების თავმჯდომარეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პოლიტიკური საბჭოს ამ გადაწყვეტილებას, ჩაერთო ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ამ წუთის მდგომარეობით, 5 000 დელეგატის ვინაობა ცნობილია.

მაგრამ, ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, ბევრი მიზეზისდა გამო, პარტიის მმართველობაში არსებულმა მცირე ჯგუფმა მოახერხა და დაუპირისპირდა არა მხოლოდ პოლიტიკური საბჭოს ამ გადაწყვეტილებას, არამედ პარტიის მხარდამჭერთა და წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას. მათი მთავარი და ერთადერთი მოტივაციაა, შეინარჩუნონ პარტიაში თავიანთი ინტერესი, გავლენა, პოზიციები და ამ ყველაფრის მიზნით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით ცდილობენ, წარმოაჩინონ ყრილობა, როგორც არალეგიტიმური, თითქოს იქ არის უამრავი დარღვევა.

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიის ეს მცირე ჯგუფი რეალურად აცდენილია იმ განწყობებს, რომელიც არის პარტიის მხარდამჭერების აბსოლუტურ უმრავლესობაში. ხედავთ აქ, პრაქტიკულად, პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების 2/3 დღეს თქვენ წინაშე არიან წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს ხალხი, ნაციონალური მოძრაობის 10 000-ობით წევრი, მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ უნდა განვითარდეს პარტია მომდევნო წლებში. ძალიან სამწუხაროა, რომ მერკანტილური ამბიციების გამო ვიწრო ჯგუფმა, უბრალოდ, შეაფერხა განვითარება პარტიაში და მოკლა რეალურად დემოკრატიული განვითარების პროცესი. ამას, მგონი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხედავს", - თქვა მელიამ ბრიფინგზე.

მელია ფიქრობს,რომ "ვიწრო ჯგუფი" 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობის საბოტაჟს ცდილობს.

"საქმე გვაქვს მარტივ მოცემულობასთან - იყო ორი ჯგუფი 30 ნოემბერს პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ერთი ჯგუფი მხარს უჭერდა ყრილობას 7000 დელეგატით, მეორე 2000-ით. გაიმარჯვა 7000-დელეგატიანმა წინადადებამ. ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო 2000-კაციანი ყრილობის მომხრე ჯგუფმა თავდასხმა ამ ყრილობაზე. ისინი ცდილობენ, ყრილობის საბოტაჟი მოახდინონ, რაც, რა თქმა უნდა, თავშივე არის განწირული. ეს ჩემთვის და აქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ძალიან დასანანია. დადგა მომენტი, როდესაც კიდევ უფრო მეტი საჯაროობაა საჭირო საზოგადოებისთვის", - ამბობს მელია.

მელიასვე პროგნოზით, 20 იანვარს ყრილობა საზეიმო ვითარებაში ჩატარდება და პარტია განახლდება.

"მიუხედავად ყველაფრისა, 20 იანვარს ჩატარდება ყრილობა ძალიან საზეიმო ვითარებაში. არანაირი ლეგიტიმურობის პრობლემა ამ ყრილობას, ბუნებრივია, არ აქვს. ეს ერთი ცალკე აღებული მცირე ჯგუფის სურვილია, წარმოაჩინოს ასეთად. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, რაც შეიძლება, მალე დაეხშოს ემოციები, რაც უკანასკნელ პერიოდში მცირე ჯგუფის მიერ იქნა აზვირთებული. სულ რაღაც 2 კვირაში ვიხილავთ ახალ, განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც 21 იანვრიდან კვლავ იქცევა სახალხო პარტიად", - თქვა მელიამ.

ნიკა მელიას ბრიფინგამდე განცხადება გაავრცელეს ენმ-ის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა, პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციაში შემავალი რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარმა კანდიდატებმა. ისინი თვლიან, რომ ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევით შექმნილი "საორგანიზაციო კომისიისა" და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 2017 წლის 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება. განცხადებას ხელს 38 პირი აწერს.

კომენტარები