აშშ-ის იმიგრაციის პოლიტიკა

იმიგრაციის განკარგულების შეუსრულებლობისთვის, ტრამპმა გენ. პროკურორი გაათავისუფლა

Reuters

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი სალი იეითსი თანამდებობიდან გაათავისუფლა, იმიგრაციის შესახებ განკარგულების შესრულებაზე უარის გამო.

"გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა სალი იეითსმა იუსტიციის სამინისტროს უღალატა, როდესაც უარი განაცხადა შეესრულებინა კანონიერი ბრძანება, რომელიც აშშ-ის მოქალაქეების დაცვაზეა მიმართული", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

განცხადებაში ისიც ხაზგასმულია, რომ სალი იეითსი ექსპრეზიდენტის, ბარაკ ობამას დანიშნული კადრია.

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობას, დროებით ვირჯინიის შტატის საოლქო პროკურორი დანა ბოენტე შეასრულებს, სანამ აშშ-ის სენატი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ტრამპის კანდიდატ ჯეფ სეშენსს არ დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის, სულ მცირე, 90 დღით შეჩერებაზე განკარგულება გასცა.

კომენტარები