აშშ-ის იმიგრაციის პოლიტიკა

აშშ ე.წ. მწვანე ბარათის მიღების პროცედურის გართულებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც ე.წ. მწვანე ბარათის გათამაშების სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.

ტრამპის თქმით, ეს იქნება საიმიგრაციო პოლიტიკის უდიდესი ცვლილება ბოლო 50 წლის განმავლობაში. დემოკრატების განცახდებით კი, ახალი რეგულაცია მიგრანტების რაოდენობას წელიწადში ერთი მილიონიდან ხუთას ათასამდე შეამცირებს.

ახალი კანონპროექტის თანახმად, აშშ-ში ცხოვრების უფლების მიღების უფრო მეტი შანსი ექნებათ იმ მიგრანტებს, რომლებსაც ინგლისური ენა ეცოდინებათ, შეძლებენ საკუთარი თავისა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფას, ექნებათ ისეთი პროფესიული უნარები, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკას გამოადგება.

"ჩვენ გვსურს ახალი სისტემის შემოღება, რომელიც დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე და რომელიც დაიცავს ჩვენს მშრომელებს და ჩვენს ეკონომიკას"-განაცხადა ტრამპმა.

კანონპროექტის შემუშავებაში არკანზასის და ჯორჯიის შტატების სენატორები ტომ კოტონი და დევიდ პერდიუ იღებდნენ მონაწილეობას. 

ახალი კანონპროექტის განხილვა სავარაუდოდ მომავალ წელს შუალედური არჩევნების პერიოდში მოხდება.

ე.წ მწვანე ქარდის გათამაშება აშშ-ში რამდენიმე წელია არსებობს. ყოველწლიურად გათამაშებაში ვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იღებენ.

კომენტარები