რუსთავი 2-ის საქმე

ნაზღაიძე: ეს არის ცრუ ბრალდება და ცილისმწამებლური განცხადება ჩემ მიმართ

Timer.ge

"მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რუსთავი 2-ის ეთერში გავრცელებული ინფორმაცია არის ცრუ ბრალდება და ცილისმწამებლური განცხადება ჩემ მიმართ" - მოსამართლე ნატა ნაზღაიძე მისი ძმისათვის სახელმწიფოს მხრიდან მილიონი ლარის გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მოსამართლე ნაზღაიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. 

"ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემაში, მტკიცებით ფორმაში, გავრცელდა განცხადება ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აღნიშნული განცხადება არის ცრუ ბრალდება და ცილისმწამებლური განცხადება ჩემ მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს, აშკარაა, რომ მიზნად ისახავს, არა მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არამედ ჩემი, როგორც მოსამართლის და როგორც რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთი წევრის დისკრედიტაციას. საქმის რეალური ვითარება მდგომარეობს შემდეგში, სტუმრად იმყოფებოდნენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტები კონპენსაციის საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც ჩემმა ძმამ, ზვიად ნაზღაიძემ, მათ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია და განუმარტა, რომ შესატყვისი მტკიცებულებები მას ხელთ ექნებოდა ორი დღის განმავლობაში." - ამბობს ნაზღაიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახის წევრს თბილისის მერიამ 1 მილიონი გადასცა. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულებით, მოსამართლის ოჯახს მერიამ სანდრო ეულის ქუჩაზე 515 000 ლარად შეფასებული 5000 კვ.მ. მიწა გადაუფორმა, 129 000 ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, 43 000 დოლარი საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, 220 000 ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ის ადამიანი იყო, რომელმაც აღნიშნული საქმე გამოიძია და შემდეგ მედიას მიაწოდა. აბესაძის თქმით, ვერეს ხეობაში მდინარის პირას ნატალია ნაზღაიძის ძმა 2013 წლიდან მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ეს მიწის ნაკვეთი სტიქიის ზონაში მოექცა და, შესაბამისად, იქ ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალა, თუმცა, მერიამ მაინც გადაწყვიტა ნაკვეთი, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, სასწრაფო წესით, ორგანული კანონის გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით გამოესყიდა. აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯაბა სამუშია კი ამბობს, რომ მილიონი მერიამ მოსამართლის ოჯახს, საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, კომპენსაციის მიზნით მისცა. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით კი, მერია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და ნაკვეთით ინვესტორი იყო დაინტერესებული.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ დღეს საკრებულოში განკარგულების პროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც, უნდა გაუქმდეს თბილისის მერიის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემასთან დაკავშირებით.

მოსამართლე ნატალია ნაზღაიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები