რუსთავი 2-ის საქმე

ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით, ირაკლი აბესაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. აბესაძე მთავარ პროკურატურაში დღეს, 15 თებერვალს, 11:30 საათზე უნდა გამოცხადდეს.

საქმე ეხება მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის გადაცემას. ირაკლი აბესაძე აღნიშნულს კორუფციულ სქემას უწოდებს და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს. დეპუტატი ამბობს, რომ ზვიად ნაზღაიძე ცდილობს ქონება ზვიად ჩოხელზე გადააფორმოს, რაც, დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, გაართულებს სახელმწიფოსთვის კუთვნილი ქონების დაბრუნებას. 

"დაახლოებით ორი კვირაა, საქართველოს მთავარი პროკურატურისგან უპრეცედენტო ფაქტის გამოძიება მოვითხოვეთ, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის მერიაში და მასში მოსამართლის ოჯახია ჩართული. ამ ფაქტზე რეაგირების ნაცვლად, ჩვენ ხელისუფლების არაერთი მცდელობა ვნახეთ გადაეფარა აღნიშნული საკითხი და საზოგადოების ყურადღების მიღმა დაეტოვებინა ამ საკითხზე მიმდინარე გამოძიება. ამასობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი ნაზღაიძე ცდილობს მიწის ნაკვეთი ბატონ ჩოხელზე გადააფორმოს და ამით შემდგომში სამართლებრივი პრობლემები შექმნას იმისათვის, რომ ეს კორუფციული სამართალდარღვევა იქნას აღმოფხვრილი და სახელმწიფო ფინანსები რეალურად მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებიც მართლაც დაზარალდნენ სტიქიის შედეგად. რა თქმა უნდა ჩვენ ამ საკითხის ასე დატოვებას არ ვაპირებთ. ნორმალურ შემთხვევაში, პროკურატურას უკვე უნდა ჰქონოდა ყადაღა დადებული აღნიშნულ ქონებაზე და არ უნდა მიეცა საშუალება საჯარო რეესტრისთვის განეხორციელებინა მესაკუთრის უფლება, რამაც შესაძლებელია სამართლებრივი პრობლემები წარმოშვას.

ვიდრე პროკურატიურა დუმს ამ კორუფციულ ფაქტზე, ნაზღაიძემ დრო იხელთა და შემდგომ მოქმედებებს ახორციელებს. ხელშეკრულება გაფორმაბულია 10 თებერვალს საჯარო რეესტრში. დღეს დილითაც კი არ იყო დასრულებული წარმოება ნაკვეთის გადაფორმებაზე, ამიტომ პროკურატურამ დროულად უნდა შეაჩეროს აღნიშნული ტრანზაქცია და გამოძიების დასრულებამდე არ უნდა მისცეს საშუალება ნაკვეთის გადაცემის,’’ - ამბობს ირაკლი აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახის წევრს თბილისის მერიამ 1 მილიონი ლარი გადასცა. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულებით, მოსამართლის ოჯახს მერიამ სანდრო ეულის ქუჩაზე 515 000 ლარად შეფასებული 5000 კვ.მ მიწა გადაუფორმა, 129 000 ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, 43 000 დოლარი - საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, 220 000 ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ აღნიშნული საქმის შესახებ ინფორმაცია მედიას მიაწოდა. აბესაძის თქმით, ვერეს ხეობაში მდინარის პირას ნატალია ნაზღაიძის ძმა 2013 წლიდან მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ეს მიწის ნაკვეთი სტიქიის ზონაში მოექცა და, შესაბამისად, იქ ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალა, თუმცა, მერიამ მაინც გადაწყვიტა, ნაკვეთი, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, სასწრაფო წესით, ორგანული კანონის გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით გამოესყიდა. აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

კომენტარები