ზაჰესის ხიდი

ზაჰესის ხიდი ერთ წელზე მეტი დაგვიანების შემდეგ დღეს გაიხსნა

facebook.com/CityHallofTbilisi

დავით ნარმანიამ მდინარე მტკვარზე გამავალი ზაჰესის დასახალების დამაკავშირებელი ხიდი დღეს გახსნა. მერიის თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ხიდი ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო.

რატომ დაგვიანდა ზაჰესის ხიდის გახსნა ფაქტ-მეტრის კვლევა:

თბილისის მერიამ ზაჰესის დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდ-აკვედუკის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 2014 წლის ნოემბერში გამოაცხადა. ტენდერში კომპანია "სამშენებლო კომერციული კორპორაცია ხიდმა“ გაიმარჯვა, მას 4.4 მილიონად ხიდის რეაბილიტაცია უნდა ჩაეტარებინა. ტენდერის მიხედვით ხიდის გახსნა 2016 წლის 4 თებერვალს იგეგმებოდა. 

2015 წლის მარტში მერიამ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას ავანსად 1.8 მილიონი ჩაურიცხა. აღნიშნულმა კომპანიამ კი 2015 წლის განმავლობაში მხოლოდ 384 885 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, რაც ხიდების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ 8.7%-ია.

რადგან შპს „ხიდმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ შეასრულა, თბილისის მერიამ 2015 წლის სექტემბერში მას ხელშეკრულება გაუუქმა და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქციის სამუშაოები შპს „ენსისის“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა.


ფოტო: facebook.com/CityHallofTbilisi

ცნობისთვის, „ენსისი“ ის კომპანიაა, რომელმაც რიყეზე ე.წ. „დოქების“ (მუსიკალური და საგამოფენო დარბაზების) მშენებლობა განახორციელა და  რომლის დირექტორიც, გეგი ქელბაქიანი,  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2012 წლის ნოემბერში უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით დააკავეს. 

მოგვიანებით, 2016 წლის თებერვალში შპს „სამშენებლო კომერციულ კორპორაცია ხიდის“ დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხების მითვისების ფაქტზე დააკავეს. სასჯელის სახით, დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

რაც შეეხება ხიდ-აკვედუკის რეაბილიტაციას, მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში შპს „ხიდმშენი 99“-მა გაიმარჯვა. 2015 წლის 21 დეკემბერს მერიასა და აღნიშნულ შპს-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა და სამუშაოების დასრულების ვადად 2016 წლის სექტემბერი განისაზღვრა. ხელშეკრულების ღირებულება 3 650 000 ლარი იყო. ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 2016 წლის 1-ელ თებერვალს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები შპს „ხიდმშენი 99“-მა შპს „ენსისის“ გადასცა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-ვალდებულებების შპს „ენსისისთვის“ გადაცემიდან დაახლოებით 8 თვეში (2016 წლის 11 ოქტომბერს) შპს-სა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის  შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისას გამოვლინდა შემაფერხებელი გარემოებები. კერძოდ, „სახიდე გადასავლელის შიგნით, დახურულ სივრცეში  მაგისტრალური ლითონის წყალსადენი მილები და ხიდის ქვედა მხარეს, ტროტუარზე ხუთი ერთეული გაზსადენი მილი გადის, რომელთა გადატანა აუცილებელია. სამუშაოების შესრულების დროს დიდი რისკია, რომ წყალსადენი მილები დაზიანდეს. მილების სიძველიდან გამომდინარე კი მათი შეკეთება გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. აუცილებელი იქნება მთლიანი წყალგაყვანილობის ქსელის გამორთვა, რაც დედაქალაქის დიდი ნაწილის ხანგრძლივი დროით სასმელი წყლის გარეშე დარჩენას გამოიწვევს“ (შპს „Georgian Water and Power“-ის დასკვნა).

აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ხიდზე დამატებითი სეგმენტის მოწყობა, რომელზეც ხიდის ფუნქციური დატვირთვა გადანაწილდება და საავტომობილო გზა მოეწყობა, ხოლო არსებულ ხიდზე  საკომუნიკაციო ქსელები შენარჩუნდება. შესაბამისად, შპს „ხიდმშენ 99“-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც შემდგომში შპს „ენსისის“ გადაეცა, შეწყდა.

საბოლოოდ კი თბილისის მერიამ შპს „ენსისისთან“, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელახალი ხელშეკრულება გააფორმა, ხელშეკრულების ღირებულება 3 999 999 ლარია.

კომენტარები