ბიუჯეტი 2017

ოცნება ევროპული საქართველოს ინიციატივას გადასახადების შემცირებაზე მხარს არ უჭერს

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტში პარტია ევროპული საქართველოს 7-პუნქტიანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთელი რიგი გადასახადები უნდა შემცირდეს. ცვლილება მოიცავს საწვავზე აქციზის განახევრებას, მცირე მეწარმეების დღგ-სგან გათვაისუფლებას, იმპორტის გადასახადის გაუქმებას და სხვა ინიციატივებს.

ცვლილებებს ქართული ოცნება ეწინააღმდეგება, უმრავლესობის არგუმენტით, იმ შემთხვევაში თუ ეს გადასახადები შემცირდება ბიუჯეტს 1.5 მილიარდი დააკლდება, რის გამოც მას აღარ შეეძლება საჯარო მოხელეთათვის ხელფასების არსებული დონის შენარჩუნება, პენსიების შეუფერხებელი გაცემა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და სხვა. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ბიზნესისთვის ამ შეღავათების მიცემა "სრულიად წარმოუდგენელია".

საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ავტორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, საფრთხეები, რაზეც ქართული ოცნების დეპუტატები საუბრობენ არ არსებობს, რასაც 2017 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტიც ადასტურებს. კერძოდ კი პარლამენტში 2016 წლის სექტემბერში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტით, განსაზღვრული იყო 10.5 მილიარდი ლარის დახარჯვა, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით კი ამაზე 900 მილიონით მეტის, 11.4 მილიარდი ლარის დახარვაა დაგეგმილი, რისთვისაც საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გადასახადები გაიზარდა, თუმცა ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად არცერთი თეთრით არ გაზრდილა არც სოციალური დახმარებები, არც ჯარისკაცთა და არც პოლიციელთა ხელფასები. მეტიც ბიუჯეტის საბოლოო პროექტში რიგ სამინისტროებში თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებაც ჩაიდო. 

ჭიაბერაშვილის მტკიცებით, ფაქტი, რომ 2016 წლის სექტემბერში შესაძლებელი იყო 2017 წლის ბიუჯეტის ისე დაგეგმვა, რომ დამატებით 900 მილიონი არ დახარჯულიყო ადასტურებს იმას, რომ შესაძლებელია ბიუჯეტის ისე დაგეგმვა, რომ საგადასახადო ლიბერალიზაციით ბიუჯეტში გამოწვეულ თანხის დანაკლისს არანაირი ნეგატიური გავლენა არ ჰქონდეს იმ ვალდებულებებზე, რაც სახელმწიფოს სოციალურად დაუცველების, ხანდაზმულებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიმართ გააჩნია. 

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ ცვლილებებთან დაკავშირებით ნეგატიური დასკვნა წარადგინა. სამინისტრო წარდგენილი ცვლილების ერთ-ერთ პრობლემურ ნაწილად დღგ-ს შემცირებას ასახელებს, დასკვნის მიხედვით ის წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებთან. ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ განცხადებას გიგა ბოკერიამ უპასუხა:

"თქვენ ამბობთ, რომ გადასახადებს ვერ შევამცირებთ, რადგან ამას ევროკავშირი გვიკრძალავს? თავის დროზე ამავე დარბაზში მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ ევროკავშირის მოთხოვნა იყო, რომ ვიზების მინიჭება გაგვერთულებინა უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისთვის, შემდეგ გაირკვა, რომ ამის ევროკავშირზე დაბრალება სიცრუეა, მოდით დავიმახსოვროთ ეს განცხადება და ვთქვათ, რომ ევროკავშირია პრობლემა, რის გამოც ვერ ვუმსუბუქებთ საგადასახდო ტვირთს ჩვენ ბიზნესს",- ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის საკანონმდებლო ინიციატივა ასე გამოიყურება:

1. ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი განახევრდეს 
2. დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს; ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ
3. უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს
4. საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე, 2019 წლიდან - 12.5%-მდე, 2020 წლიდან - 10%-მდე
5. განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე
6. იმპორტის გადასახადი გაუქმდეს
7. საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს

კომენტარები