ეკონომიკური მდგომარეობა

ჭიაბერაშვილი: გადასახადების შემცირება და სამთავრობო ხარჯების შეკვეცა აუცილებელია

ევროპული საქართველო

"ეკონომიკა დგას, ფასები იზრდება, ხალხი ღარიბდება", - ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს. ჭიაბერაშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ  2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა, ფასების წლიურმა ზრდამ მაისში 6,6% შეადგინა. ჭიაბერაშვილი გაძვირებულ ჯანდაცვაზე და გაზის ტარიფის შესაძლო გაძვირებაზეც საუბრობს. 

"ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულზე, შაქარსა და სხვა ტკბილეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე - პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ. განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 17,5%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე - ბენზინზე, დიზელზე, გაზზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც. გაზის ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას მოქალაქეებს. იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ქართულმა ოცნებამ გადასახადები აწია ბენზინზე, დიზელსა და გაზზე, რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს." - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ევროპული საქართველო მთავრობას  არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს სთავაზობს. მათი თქმით გამოსავალი პარტია ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაა, რაზეც მთავრობა ჯიუტად ამბობს უარს.

„გამოსავალია ევროპული საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. პროგრამა 2 ძირითად პრინციპს - გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა, რაზეც მთავრობა, ქართული ოცნება ჯიუტად ამბობს უარს. არადა კატასტროფულად დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში (აპრილში 2.1%) ეს მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი საშუალებაა. მთავრობას ამ ნაბიჯების გადადგმას აუცილებლად ვაიძულებთ, მაგრამ მანამდე, სამწუხაროდ, ასიათასობით მოქალაქის ჯიბეს, შემოსავალსა და კეთილდღეობას მიადგება ზარალი”, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები