ფინანსური პირამიდა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას ფინანსური პირამიდების რისკებზე აფრთხილებს

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საკუთარი სახსრების რომელიმე კომპანიისთვის მინდობამდე გადაამოწმონ კონკრეტული კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რადგანაც გახშირებულია შემთხვევები, როდესაც კომპანიები მომხმარებლებს ატყუებენ და მათ ეუბნებიან რომ ისინი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდებიან. 

"ეროვნული ბანკი მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით. ის კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, "ფინანსური პირამიდის" ნიშნებსაც ატარებს. ამასთან, ბოლო პერიოდში ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ტიპის კომპანიები, რომლებიც თანხის მათთან დაბანდების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში აღებული სესხების დაფარვასაც სთავაზობენ. კომპანიები ასევე ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ისინი ლიცენზირებულნი არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს მაღალ რისკს.

ამასთანავე, პოტენციური რისკების შეფასების მიზნით, გადახედეთ თქვენს მიერ უკვე ხელმოწერილ ხელშეკრულებებს და გაარკვიეთ თუ ვის ანდობთ თქვენს დანაზოგებს", - წერია სებ-ის განცხადებაში.

რა არის ფინანსური პირამიდა და როგორ ამოვიცნოთ ის:

ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება. ფინანსური პირამიდა, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან ინვესტიციას და მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი და/ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა. ამასთან, ყოველ შემდგომ ეტაპზე არსებული ვალდებულებების გასასტუმრებლად სულ უფრო და უფრო მეტი თანხის მოზიდვა ხდება საჭირო. საყურადღებოა ერთი ფაქტორიც - მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა. შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს.

როგორ ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდა:

  1. კომპანია პოტენციურ წევრს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებელს ან შემოსავალს ჰპირდება.
  2. სარგებლის მისაღებად კომპანია გთხოვთ სქემაში ახალი წევრების მიყვანას ან გარკვეული პროდუქციის რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად შეძენას.
  3. ფინანსური პირამიდები ძირითადად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ფორმით რეგისტრირდებიან. შესაძლოა, ისინი ე. წ. შუამავლობასაც უწევდნენ უცხოეთში რეგისტრირებულ პირამიდულ სქემებს.
  4. კომპანიის მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი გაუმჭვირვალეა, ან არ არსებობს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ნიშნები და საქმიანობის სფეროს ზუსტი განმარტება.
  5. კომპანია არ გამოირჩევა გამჭვირვალობით და საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით. მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მოძიება თითქმის შეუძლებელია.

კომენტარები