ფინანსური პირამიდა

ფინანსური პირამიდების ჩამოშლით მიყენებულმა ზარალმა 100,000,000 ლარს მიაღწია

Getty Images

2016 წლის განმავლობაში საქართველოში არარეგულირებადი ფინანსური დაწესებულებების გაკოტრებით მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ანგარიშიდან ხდება ცნობილი. კონკრეტული კომპანიების მიხედვით დაზარალებულთა რაოდენობა და დაკარგული თანხა ასე გამოიყურება:

  • საფინანსო კომპანია საქართველო - 2343 მოქალაქეს 81 მლნ ლარამდე (12 688 965 ლარი, 1 837 761 ევრო და 23 761 849 აშშ დოლარი) მატერიალური ზიანი მიადგა. (წყარო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური)
  • MFX Broker Georgia - მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, დაუზუსტებული მონაცემებით მითვისებულია 4.2 მლნ. ლარამდე (1,645 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი) და დაზარალებულად ცნობილია 111 მოქალაქე.
  • ევროკრედიტი - მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, დაუზუსტებელი ინფორმაციით ზარალის მოცულობა 3 მლნ. ლარს აჭარბებს. დაზარალდა 300-ზე მეტი ადამიანი

როგორ ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდა:

ფინანსური პირამიდების ისტორია საქართველოში, საზოგადოება და ბანკების ანგარიშის მიხედვით:

საქართველოში 90-იანი წლების ე.წ. "ბანკების" ბიზნესმოდელმა, რომელიც თაღლითურ სქემაზე იყო დაფუძნებული საკმაოდ ბევრი მომხმარებელი დააზარალა. ვინაიდან, კანონმდებლობით მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა მხოლოდ 500 აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, 200-ზე მეტს გადააჭარბა იმ კომპანიების რიცხვმა, რომლებიც თავს კომერციულ ბანკებად ასაღებდნენ და სინამდვილეში მოსახლეობის დანაზოგების მითვისებაზე იყვნენ ორიენტირებული. სწრაფად გამდიდრების მსურველთა ნდობას ზრდიდა ისიც, რომ კომპანიები პირველ ეტაპზე ახერხებდენ მიღებული თანხების მომხმარებლისთვის უკან დაბრუნებას.

დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე მიღებული გამოცდილების მიუხედავად, ბოლო წლებში თაღლითური სქემის მქონე ბევრი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) დაარსდა. აღნიშნული კომპანიების გათვლას წარმოადგენს მოსახლეობის ის ჯგუფი, რომელსაც სურს მაღალი სარგებლის მიღება დროის მოკლე მონაკვეთში და თანხის საეჭვო ფირმებისთვის მინდობით თავის თავზე იღებს გაუმართლებელ რისკს. მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ზრდის სურვილით თაღლითური კომპანიების მთავარი მარკეტინგული გზავნილებია: დაბანდების საიმედოობა, ბიზნეს გამოცდილება და „მოზიდული მრავალმილიონიანი ინვესტიციები“. საიმედოობის ზრდის სურვილით რეკლამირებას ხშირად საზოგადოებისათვის ცნობილი სახეებით ახორციელებენ. შედეგად ვიღებთ მზარდ ბიზნესსექტორს, რომელიც კანონმდებლობით არ რეგულირდება. მსგავსი კომპანიები მომხმარებელს ლარში ინვესტირების შემთხვევაში საშუალოდ წლიურ 24%-იდან 360%-მდე, ხოლო აშშ დოლარში 13%-იდან 240% სარგებელს სთავაზობენ.

დღესდღეობით, საქართველოში სხვადასხვა პირამიდული სქემები არსებობს. ერთ-ერთი ქსელურ მარკეტინგზეა დაფუძნებული. კომპანიასთან ურთიერთობა, შეძენილი ნივთით იწყება და მომხმარებლის აგენტად ფორმირებით სრულდება. ახალი მომხმარებლების მოზიდვით აგენტი პროდუქციის აქტიურ გაყიდვას და ქსელის გაშლას იწყებს. ერთი შეხედვით გამდიდრების საშუალება, მოსალოდნელია წარუმატებლად დასრულდეს. ფინანსურად დაზარალდება ყველა ის მომხმარებელი, ვინც ქსელში შედარებით გვიან გაწევრიანდა. მათ დარჩებათ ნივთი, რომლის საბაზრო ღირებულება გადახდილზე გაცილებით ნაკლებია. აქვე აღსანიშნავია რომ, ზარალის შემთხვევაში, ამ ტიპის კომპანიებთან სამართლებრივი დავა შეუძლებელია, რადგან ნივთი საკუთარი ნებითაა შეძენილი და ხელშეკრულებით დამოწმებული.

ფინანსური სექტორის განვითარების მაღალი დონე უბიძგებს თაღლითურ კომპანიებს თავიანთი საქმიანობა საფინანსო სექტორის საქმიანობად გაასაღონ. ერთ-ერთი გავრცელებული სქემით ცდილობენ ბიზნესმოდელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გააიგივონ. ეს მათთვის საშუალებაა მოიზიდონ დანაზოგები და გასცენ „უიმედო“ სესხები, რომლებიც არასდროს დაბრუნდება და ვერ შეძლებს მომხმარებელთა დანაზოგების გასტუმრებას. აღნიშნული ბიზნესის სტრუქტურა ყოველ მომდევნო შენატანზეა დაფუძნებული. არსებული მომხმარებლების გასტუმრება არა გაცემული სესხებიდან მიღებული შემოსავლის, არამედ ახალი მომხმარებლების განთავსებული ფინანსური რესურსებით ხორციელდება. მომხმარებელი დანაზოგის განთავსებისას წინასწარ ირჩევს ხელშეკრულების ხანგრძლივობას და ვადის გასვლამდე თანხის დაბრუნება შეუძლებელია. ეს პუნქტი არის ე.წ.„პირამიდული სქემის“ მთავარი მამოძრავებელი. როგორც კი, რომელიმე მსგავსი კომპანია ვერ შეძლებს ახალი მომხმარებლის მოზიდვას წარმოიქმნება თანხის დაბრუნების მასშტაბური პრობლემა. კომპანიის სიცოცხლის ხანგრძლივობა რისკებს არ ამცირებს, დროთა განმავლობაში იზრდება დაზარალებულთა რაოდენობა.

როგორც წესი თათლითური სქემების შემქმნელები თავს აიგივებენ ეკონომიკის სექტორის წარმატებულ სეგმენტთან და შეიძლება თავი წარმოგვიდგინონ:

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად
  • სავალუტო თრეიდერებად
  • უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეებად:
  • საქონლით მოვაჭრეებად (ძირითადად ქსელური მარკეტინგის კომპანიები)
  • კრიპტოვალუტების „მაინინგში“ ჩართულ კომპანიებად

 გაიგეთ მეტი - როგორ ამოიცნოთ ფინანსური პირამიდები იხილეთ ბმულზე:

კომენტარები