ფინანსური პირამიდა

რა უნდა ვიცოდეთ ფინანსური პირამიდის შესახებ

nbg.gov.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობას ფინანსური პირამიდის შესახებ გადაღებული ინფორმაციული ვიდეორგოლი წარუდგინა. საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი საზოგადოებას აცნობს, თუ რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკებთანაა დაკავშირებული საკუთარი თანხების არაგონივრული დაბანდება, როგორ ამოვიცნოთ მაღალრისკიანი პირამიდული სქემები და როგორ ავიცილოთ თავიდან ფინანსური საფრთხეები.

ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებლებისგან იზიდავს თანხას და ამ თანხის სანაცვლოდ, მათ სთავაზობს სარგებელს, რომელიც ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთს გაცილებით აღემატება.

როგორ ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდა:

  • კომპანია პოტენციურ წევრს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებელს ან შემოსავალს ჰპირდება.
  • სარგებლის მისაღებად კომპანია გთხოვთ სქემაში ახალი წევრების მიყვანას ან გარკვეული პროდუქციის რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად შეძენას.
  • ფინანსური პირამიდები ძირითადად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ფორმით რეგისტრირდებიან. შესაძლოა, ისინი ე. წ. შუამავლობასაც უწევდნენ უცხოეთში რეგისტრირებულ პირამიდულ სქემებს.
  • კომპანიის მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი გაუმჭვირვალეა, ან არ არსებობს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ნიშნები და საქმიანობის სფეროს ზუსტი განმარტება.
  • კომპანია არ გამოირჩევა გამჭვირვალობით და საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით. მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მოძიება თითქმის შეუძლებელია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური რისკების შესახებ საზოგადოების ინფორმირება ერთ-ერთ პრიორიტეტად ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების შემდეგ დაისახა.

კომენტარები