ინფლაცია

ივლისში წინა წელთან შედარებით ფასების დონე 6%-ით გაიზარდა

ტაბულა

2017 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იფნლაციამ 6% შეადგინა. ეს ივნისში არსებული 7.2%-ის შემდეგ გარკვეულ შემცირებას წარმოადგენს, თუმცა ის მაინც აღემატება ეროვნული ბანკის სამიზნე 4%-იან დონეს. საქსტატის მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი იყო ფასების ზრდა ტრანსპორტის ქვეჯგუფზე, სადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 12%-ს შეადგენს, ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა ფასები და სურსათისა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,1 პროცენტით, რაც 2,14 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9,3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5,6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (5,5 პროცენტი), თევზეული (4,4 პროცენტი).

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 12,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,3 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,1 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,3 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,9 პროცენტით, რაც 0,62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (18,1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,5 პროცენტი).

კანონის მიხედვით, ქვეყანაში ინფლაციის (ფასების სტაბილურობის) კონტროლი ეროვნულ ბანკს ევალება. სებ-ი ამ მოვალეობას რეფინანსირების განაკვეთის მეშვეობით, ანუ მის მიერ კომერციულ ბანკებზე მისაწოდებელი ლარის რესურსის საპროცენტო განაკვეთის მეშვეობით აკონტროლებს. თუ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეზე მაღალია სებ-ი ამ დროს რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, სამიზნეზე დაბალი ინფლაციის შემთხვევაში კი განაკვეთს ამცირებს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები რეალურ ბაზარზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაახლოებით 4-6 კვარტლის პერიოდში ახდენს გავლენას.

ეროვნულმა ბანკმა 26 ივლისს რეფინანსირების განაკვეთის 7%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდება და 2018 წლის დასაწყისში ის დაახლოებით 3% იქნება.


ფოტო: საქსტატი

კომენტარები