თბილისის მერია

მერია: პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ფაზაშია, რის გამოც, ქუჩა სრულად ჩაიკეტება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება, რის გამოც ქუჩა სრულიად ჩაიკეტება. უწყებაში აცხადებენ, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიგება გზის ზედა, საბოლოო ფენა და დასრულდება საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები.

  • 5 სექტემბრის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება პეკინის ქუჩა - ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე. ჩაიკეტება ეზოებიდან გამოსასვლელებიც. ანა კალანდაძისა და ცინცაძის ქუჩებზე მოძრაობა არ შეიზღუდება.
  • 5 სექტემბრის 22:00 საათიდან 6 სექტემბრის 08:00 საათამდე კი, ჩაიკეტება ცინცაძის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთი და აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე შიდა ეზოების შესასვლელები.

"პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. ბოლო 50-60 წლის განმავლობაში, ქუჩაზე მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისას გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

კომენტარები