თბილისის მერია

რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა 18 სექტემბერს გაიხსნება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ის ორშაბათს, 18 სექტემბერს გაიხსნება.

როგორც თბილისი მერმა დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პეკინზე უახლოეს დღეებში დასრულდება ტროტუარების მოპირკეთება, რის შემდეგაც  ქუჩა როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის სრულად გაიხსნება. 

"მიუხედავად ჩვენი ოპონენტების სკეპტიკური განწყობისა, ჩვენ ამ ამბიციური პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ და ისევე როგორც ჩვენი ყველა სხვა დაპირება, ესეც საკმაოდ მოკლე დროში შევასრულეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, პეკინის ქუჩაზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი, სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ევროპული ტექნოლოგიით სრულად განახლდა წყალსადეის ქსელი, გამოიცვალა ყველა შუქნიშანი და ისინი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურითა და "სიმენსის" უახლესი კონტროლერებით აღიჭურვა.

გარდა ამისა, მერის ცნობითვე, პეკინი-ვაჟა ფშაველასა და პეკინი-ყაზბეგის გამზირის კვეთებში გაკეთდა უსაფთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გზა გაფართოვდა და ერთი საავტომობილო ზოლი დაემატა.

"დაპროექტდა ველობილიკი, სადაც ველოსადგომებისთვის 4 ლოკაცია გამოიყო. ტრანსპორტის სამსახურის მიერ, ველობილიკი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ნიშნებითა და მონიშვნებით. უახლოეს დღეებში იგეგმება ავტობუსების ზოლების „ბასლაინების“ მოწყობა, რის შემდეგაც ავტობუსების გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დაიდგმება. ქვეითთა გადასასვლელები ცივი პლასტის მეთოდით დაიხაზება. ორფეროვანი, ან ერთფეროვანი „ზებრები“ სპეციალური შუშის ბურთულაკებით დაიფარება, რაც ხელოვნური განათებისას ბზინავს და მაღალ ხილვადობას უზრუნველყოფს", - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე 100 ქოთანი დაიდგმება, რომლებშიც დეკორატიული ბუჩქები დაირგვება. 

უწყების ინფორმაციით, შემუშავებულია პეკინის ქუჩაზე ავტომობილების პარკირების ახალი სქემაც და სულ პარკირების 205 ადგილი იქნება. მათ შორის 50 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაში არსებულ სამკუთხედში.

რაც შეეხება პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას, როგორც დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება.  

"პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე მოძრაობა იმ რეჟიმში ხორციელდება, რაც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის დროს გვქონდა. ანუ ცალმხრივი მოძრაობაა ყაზბეგიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ისევე როგორც 26 მაისის მოედნიდან კოსტავას და შემდეგ უკვე შარტავას ქუჩების გავლით არის ცალმხრივი მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება" - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. 

კომენტარები