განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დოკუმენტების თანახმად, ბრალდებულ პირს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საქართველოდან რუსეთში სატვირთო ავტომანქანით ყვავილები გადაჰქონდა.
"თუმცა, სამართალდამცველებმა მანქანა შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ რეალურად, ბრალდებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ცდილობდა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
სატვირთო მანქანიდან 217 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.