კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კატალონიის ვიცეპრეზიდენტი: ესპანეთმა დამოუკიდებლობის გარდა არჩევანი არ დაგვიტოვა

EPA

კატალონიის ვიცეპრეზიდენტის თქმით ესპანეთის მთავრობამ რეგიონს დამოუკიდებლობის გამოცხადების გარდა არჩევანი არ დაუტოვა.

"ჩვენ გვესმის, რომ ესპანეთის მთავრობა სხვა გზას არ გვიტოვებს გარდა იმისა, რომ დავიცვათ ჩვენი სამოქალაქო უფლებები და მოქალაქეების უფლებები იმ მეთოდებით, რაც გაგვაჩნია." თქვა მან და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი პოლიტიკური პარტიის შეხედულებაა.

ვიცეპრეზიდენტის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია კატალონიის რეგიონის მმართველი კოალიციის ნაწილია.

განცხადებამდე ერთი საათით ადრე კატალონიის პრეზიდენტმა, კარლოს პუჩემონტმა ესპანეთის სენატის წინაშე გამოსვლაზე და კატალონიის რეგიონული მთავრობის მხრიდან დამოუკიდებლობის მოთხოვნის დაცვაზე უარი განაცხადა რაც იმით ახსნა, რომ ესპანეთის მთავრობას რეგიონის ავტონომიის შეჩერების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

ესპანეთის პრემიერმინისტრის, მარიანო რახოის თქმით მას იმედი აქვს, რომ ოფიციალური მადრიდის რეგიონის მმართველობაში ჩარევა ხანმოკლე იქნება.

"მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას და ამას ვაკეთებ ჩვენი კანონების, კონსტიტუციისა და მილიონობით კატალონიის მოქალაქის აზრის უარყოფის საპასუხოდ" თქვა მან პარლამენტის წინაშე გამოსვლისას.

სენატმა ოფიციალური მადრიდის მხრიდან პუჩემონტისათვის ძალაუფლების ჩამორთმევის მოთხოვნა ხვალ უნდა განიხილოს. ზოგიერთი მოსაზრებით კატალონიის რეგიონულმა მთავრობამ დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ განცხადება შესაძლოა მომდევნო 48 საათში გააკეთოს.

კომენტარები