Paradise Papers

Paradise Papers - მსოფლიო ლიდერების გვარები საიდუმლო დოკუმენტებში 

flickr

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ოფშორული ზონების და იქ დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ 13,4 მილიონი საიდუმლო დოკუმენტი მოიპოვეს. მათი უმეტესი ნაწილი - 6,8 მილიონი დოკუმენტი იურიდიულ ფირმას და კორპორატიული სერვისის პროვადიერს უკავშირდება, რომლებიც ერთობლივად 10 იურისდიქციაში ოპერირებდნენ Appleby-ის სახელით. დოკუმენტები 1950-დან 2016 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

Paradise Papers-ის სახელით ცნობით გამოძიებაში მსოფლიოს 67 ქვეყნის 96 მედია ორგანიზაციის 381 ჟურნალისტი მონაწილეობდა. 

ოფშორულ ზონებში ფული მსოფლიოს ყველა წერტილიდან მიედინება და ხშირად ძალიან ძნელია ამ ფულის მიღმა მდგომი ადამიანების თუ კომპანიების იდენტიფიცირება. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაჟონილ დოკუმენტებს შორის 1993 წლიდან 2014 წლამდე Appleby-ის კლიენტების მონაცემთა ბაზაც არის. ის 120 000-ზე მეტი ადამიანისა და კომპანიის სახელებს მოიცავს. ყველა მათგანის სახელი არ არის დაკავშირებული ოფშორულ კომპანიებთან. გამოცემა გარდიანი, რომელიც Paradise Papers-ის ერთ-ერთი მონაწილეა, მიუთითებს, რომ შეუძლებელი იყო დადგენა, ესა თუ ის ადამიანი უბრალო კლიენტი იყო თუ წლების განმავლობაში იყენებდა Appleby-ის სერვისს. თუმცა, როგორც გამოცემა მიუთითებს, ის იძლევა საშუალებას გავიგოთ, რომელი ქვეყნებიდან იყო ამ სერვისზე მოთხოვნა: კლიენტების უმრავლესობა გაერთიანებული სამეფოდან, ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან არიან, ყველაზე მეტი, 30 ათასზე მეტი კი აშშ-ის წარმომადგენელია. 

რა გაირკვა Paradise Papers-იდან​​​

Facebook და Twitter
 

მარკ ზაკერბერგი და იური მილნერი
ფოტო: CNBC

საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსული სახელმწიფო კომპანიები, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ვლადიმერ პუტინთან, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ბიზნეს პარტნიორის მეშვეობით Twitter-სა და Facebook-ში მსხვილ ინვესტიციებს დებდნენ. 

ინვესტიციას რუსი ტექნოლოგიური მაგნატი, იური მილნერი ახორციელებდა, ჯარედ კუშნერი კი არა მხოლოდ ტრამპის სიძეა, არამედ თეთრი სახლის მრჩეველიც არის. მილნერი და კუშნერი ერთი და იმავე კომპანიის წილებს ფლობენ. 

„2011 წლის ივლისში VTB ბანკმა, რომელიც კრემლს ეკუთვნის, 191 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა საინვესტიციო ფონდში DST Global​-ში, რომელმაც 2011 წელს ეს თანხები Twitter-ში მსხვილი წილის შესაძენად გამოიყენა". 

ასევე, დოკუმენტებში მითითებულია, რომ მილნერი საინვესტიციო თანხებს, რომელსაც Facebook-ში აკეთებდა, კიდე ერთი რუსულის სახელმწიფო კომპანიისგან, გაზპრომისგან იღებდა. საუბარია 1 მილიარდ აშშ დოლარზე. 

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსმა ბიზნესმენმა იური მილნერმა 850 ათასი აშშ დოლარი დააბანდა სტარტაპში Cadre, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მსხვილი პროექტებს ახორციელებს. კომპანია დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მიერ იყო დაარსებული. 

ალექსანდერ ვერშბოუ, რომელიც ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს რუსეთში აშშ-ის ელჩი იყო, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს კი - Nato-ში, ამბობს, რომ ეს "პუტინის პოლიტიკური პროექტის ნაწილია". მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, აშშ-ის დემოკრატიას ჩრდილი მიაყენოს. "ფაქტია, რომ ეს უფრო დიდი გეგმის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი შეეცდება ეს ბრალდებები უარყოს", - თქვა ვერშბოუმ. 

აშშ-ის ვაჭრობის მდივნის შესაძლო კავშირები
 



ფოტო: უილბურ როსი / CNBC

რუსულ კომპანიებთან კავშირი, სავარაუდოდ, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, უილბურ როსს-აც აქვს. Paradise Papers-ის მიხედვით,  როსი წილს ფლობს გადამზიდავ კომპანია Navigator-ში ფლობს, რომელიც რუსულ გაზის კომპანია Sibur-თან თანამშრომლობს. კომპანიას კირილ შამალოვი ფლობს, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას ქმარია. 

საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ Navigator-მა და Sibur-მა თანამშრომლობა 2014 წელს გააღრმავეს, მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ზომები აღმოსავლეთ უკრაინაში ომისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო იქნა მიღებული. Navigator-ი Sibur-თან პარტნირობის გაღრმავების შემდეგ 68 მილიონი დოლარით გამდიდრდა. 

ბრიტანეთი

დედოფალი ელიზაბეტ II
ფოტო: flickr

ჟურნალისტური გამოძების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ კაიმანისა და ბედმუდას კუნძულებზე, რომელიც ოფშორულ ზონას განეკუთვნება, ლანკასტერის საჰერცოგოს მეშვეობით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეინახა. ლანკასტერის საჰერცოგო უზრუნველყოფს დედოფლის შემოსავალს და განკარგავს დედოფლის 500 მილიონიან კერძო ქონების ინვესტიციების. თუმცა, ბიბისი აღნიშნავს, რომ ამ ოპერაციებში არაფერია არაკანონიერი და არ არსებობს ეჭვი, რომ დედოფალი გადასახადებს არ იხდის. 

კომენტარები