თბილისის მერია

ვინ იქნებიან თბილისის მერის მოადგილეები

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეობის კანდიდატები წარადგინა. მას ხუთი მოადგილე ეყოლება. ახალი მერის მოადგილე იქნება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, ასევე, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე. კახა კალაძემ წინა მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი თანამდებობაზე დატოვა.

"ირაკლი ხმალაძე - საარჩევნო კამპანიის დროს ჩემ გვერდით იყო და ერთად წარვადგენდით ხოლმე პოლიტიკოსებს. ირაკლი ჩემთან ერთად მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ერთად. 

მაია ბითაძე -  წლების მანძილზე იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და ერთერთი ყველაზე კვალიფიციკური კადრი ამ სფეროში. ჩემს გუნდს წინასაარჩევნოდ შემოეურთდა და ამ მოკლე დროში, უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ჩვენი სამომავლო გეგმების ფორმირებაში.

გიგა ნიკოლეიშვილი - რჩება მერის მოადგილის თანამდებობაზე. ის გამოცდილი ადამიანია და შესაბამისად, ჩვენ ერთად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც არაერთხელ გავაჟღერეთ.

ირაკლი ბენდელიანი - მას დიდი გამოცდილება აქვს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული ენერგეტიკაში. თბილისელები ძალიან მალე ნახავენ მისი შრომის ხელშესახებ შედეგებს

ილია ელოშვილი - იცით, რომ დღეს გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. როცა დასრულდება სამინისტროების შერწყმა, ილია ელოშვილი შემოურთდება ჩვენს გუნდს" - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომდევნო დღეებში, საკრებულოს საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატებსაც წარუდგენს.

"მალე ცნობილი იქნება მთლიანად ის გუნდი, რომელიც მომდევნო წლებში ჩემთან ერთად იმუშავებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი, თბილისი ძალიან მალე გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი" - თქვა კალაძემ.

კომენტარები