პატიმრებზე ძალადობა

პატიმრის მიმართ ძალადობისთვის გლდანის ციხის ყოფილი ინსპექტორი დააკავეს

გლდანის ციხე
AFP

ციხეში პატიმრის მიმართ ძალადობისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის რეჟიმის ყოფილი ინსპექტორი კახა ყალიჩავა დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, ყალიჩავამ პატიმარს აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით რამდენჯერმე სცემა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 27 ოქტომბერს, პატიმარი დანტე რეხვიაშვილი შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილეში. ამავე საპყრობილის რეჟიმის ინსპექტორმა და ამავდროულად კორპუსის ზედამხედველმა კ.ყ-მ შეიტყო, რომ დანტე რეხვიაშვილი თავს არ ცნობდა დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის ბრალდებაში. ამ მიზეზით, მან დანტე რეხვიაშვილი თანასაკნელებთან ერთად გაიყვანა საპყრობილის აბაზანაში და დანაშაულის აღიარება მოსთხოვა, რაზედაც უარის მიღების შემდეგ, თავში რადიოგადამცემი ძლიერად ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა.

ამის შემდეგ, N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ლ.ჩ.-სთან და ციხის სხვა თანამშრომლებთან ერთად განაგრძო ძირს დაგდებული დანტე რეხვიაშვილის ცემა. 
კ.ყ-მ ნაცემი და დასისხლიანებული დანტე რეხვიაშვილი საკანში დააბრუნა და ცხვირის გატეხვის და მისგან გამოწვეული ძლიერი ტკივილის მიუხედავად, არ მისცა მას სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება და მკაცრად აუკრძალა მომხდარი ფაქტის და სამედიცინო დახმარების მოთხოვნის შესახებ ვინმესთან განეცხადებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მის თანასაკნელებსაც ანალოგიურად გაუსწორდებოდა" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ორი თვის შემდეგ კ.ყ-მ და უსაფრთხოების ინსპექტორმა ლ.ჩ-მ კვლავ სცემეს პატიმარ დანტე რეხვიაშვილს იმავე მიზეზით.

"დაზარალებული დანტე რეხვიაშვილის ცემა და ძალადობა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც მის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მისგან აღიარებითი ჩვენების მიღება საქმისთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, კ.ყ-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით. N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ლ.ჩ.-ს მიმართ კი არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი გარდაცვალების გამო" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები