მრეწველები

ბოკერია: ხარჯების შემცირების ნაცვლად, ოცნება საკუთარ სატელიტს დაფინანსებას უზრდის

ტაბულა

"იმის ნაცვლად რომ ხდებოდეს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და ამით მოხდეს ყველა ჩვენგანის ცხოვრების გაიოლება, ასევე პენსიონერთათვის და სოციალურად დაუცველებისთვის იზრდებოდეს დახმარება, ამის ნაცვლად, დამატებითი ხარჯები მიემართება, ოცნების სატელიტების დაფინანსებაზე", - გიგა ბოკერია ამბობს კანონპროექტზე, რომელიც მრეწველებს გაზრდილი საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას აძლებს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მრეწველების დაფინანსება 760 000 ლარამდე გაიზრდება.

კანონპროექტის ავტორებმა სიმონ ნოზაძემ და გია ჟორჟოლიანმა პროექტი სავარაუდოდ, მრეწველებს მოარგეს. "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" პარლამენტში ერთი დეპუტატით, ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძით წარმოდგენილი. მრეწველებმა პროპორციულ არჩევნებში მხოლოდ 13 ათასი ხმა (0.8%) მიიღეს, თუმცა პარტია დღეის მდგომარეობით წელიწადში 536 000 ლარის საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, ამის მიზეზი არის ის რომ სიმონ ნოზაძეს ქართულმა ოცნებამ საკუთარი დეპუტატებით საპარლამენტო ფრაქცია შეუქმნა, რის შედეგადაც მრეწველებს 300 000-ლარიანი დაფინანსების უფლება მიეცათ.

"მრეწველთა პარტია, რომელმაც არჩევნებზე აიღო 1%-ზე ნაკლები, იმის გამო რომ ოცნებამ მათ აჩუქა, ათხოვა როგორც საკუთარ სატელიტებს და ამის შემდეგ ჩვენი საერთო ფულიდან მიიღებს 760 000 ლარს წელიწადში - ეს არის ამის შედეგი. ახლა ცვლიან კანონს, რომ საკუთარ სატელიტებს, ანუ საკუთარ თავს მისცენ 760 000 ლარი წელიწადში. რომელ სამართლიანობაზეა საუბარი, როდესაც თავისუფალმა დემოკრატებმა მიიღეს 4% და არ აქვთ ასეთი დაფინანსება და მრეწველებს, რომლებსაც 1%-ზე ნაკლები აქვთ აღებული იმის გამო რომ ისინი არიან ოცნების სატელიტები მიიღებენ ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ ფულს", - ამბობს ბოკერია.

რა საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ პოლიტიკური პარტიები:

  • ქართული ოცნება - 2.08 მილიონი ლარი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 1.2 მილიონი
  • გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 1 მილიონი
  • ევროპული საქართველოს - 900 ათასი
  • პატრიოტთა ალიანსი - 744 ათასი ლარი 
  • ქრისტიან კონსერვატიული პარტია - 600 ათასი ლარი
  • მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 536 ათასი ლარი
  • თავისუფალი დემოკრატები - 512 ათასი ლარი
  • ლეიბორისტული პარტია - 472 ათასი ლარი
  • დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 241 ათასი ლარი
  • კონსერვატიული პარტია - 236 ათასი ლარი
  • რესპუბლიკური პარტია - 236 ათასი ლარი
  • ეროვნული ფორუმი - 236 ათასი ლარი
  • სახელმწიფო ხალხისთვის - 195 ათასი ლარი
  • ახალი საქართველო - 195 ათასი ლარი
  • ტრადიციონალისტთა კავშირი - 87 ათასი ლარი
  • თავისუფალი საქართველო - 87 ათასი ლარი
  • თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა - 87 ათასი ლარი
  • ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა - 87 ათასი ლარი
  • ახალი ქრისტიან-დემოკრატები - 87 ათასი ლარი

კომენტარები