მრეწველები

მრეწველებზე მორგებული კანონი ძალაში შევიდა - თოფაძეს საბიუჯეტო დაფინანსება გაეზარდება

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად აღწერს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გოგი თოფაძის პარტიის მიერ ნაჩვენებ შედეგს და კონკრეტულად ამ შედეგისთვის სპეციალურ საბიუჯეტო დაფინანსებას აწესებს. თოფაძის პარტია მომავალში დაახლოებით 760,000 ლარს მიიღებს.

პარლამენტმა ეს კანონი 77-ით 1-ის წინააღმდეგ მიიღო. 

კანონის ავტორები სიმონ ნოზაძე და გია ჟორჟოლიანი არიან. "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" პარლამენტში ერთი დეპუტატით, ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძით არის წარმოდგენილი. მრეწველებმა პროპორციულ არჩევნებში მხოლოდ 13 ათასი ხმა (0.8%) მიიღეს, თუმცა პარტია დღეის მდგომარეობით წელიწადში 536,000 ლარის საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, ამის მიზეზი არის ის რომ სიმონ ნოზაძეს ქართულმა ოცნებამ საკუთარი დეპუტატებით საპარლამენტო ფრაქცია შეუქმნა, რის შედეგადაც მრეწველებს 300 000-ლარიანი დაფინანსების უფლება მიეცათ. 

კანონის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ პარტიების დაფინანსების განაწილების არსებული სისტემა არ იყო სამართლიანი და ის უგულვებელყოფდა შესაძლებლობას პარტიას ვერ გადაელახა ბარიერი, მაგრამ პარლამენტში გაეყვანა მაჟორიტარი დეპუტატი.

"შესაძლებელია, რომ პარტიამ ვერ გადალახოს პარლამენტის პროპორციული სისტემით გამართულ არჩევნებში 3%-იანი ბარიერი, მაგრამ ამ პარტიამ მოიგოს მაჟორიტარული წესით ჩატარებული 2 არჩევნები და მით უფრო, მისმა წარმომადგენელმა/წარმომადგენლებმა შექმნან საპარლამენტო ფრაქციაც კი. ასეთ შემთხვევაში, კანონი, ისევე, როგორც აღიარებს და ათანაბრებს პარლამენტის არჩევის ორივე სისტემას, და ამ ორივე სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების სტატუსს განსხვავებულად არ ადგენს, ასევე ამ ორივე სისტემით მიღწეული შედეგი - ერთ შემთხვევაში, თუნდაც პარლამენტში მოსახვედრად პროპორციული სისტემით მიღებული ხმების 5%-იან ბარიერზე ნაკლები შედეგი - ხმების 3% და მეორე მხრივ, პარტიის შედეგი - მიერ მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, თანაბარ პირობებში უნდა იძლეოდეს ასეთი პარტიებისათვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და კანონით დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას, რაც დაფინანსების მინიჭების არსებული რეგულაციების შეცვლისა და მათი გათანაბრების გზით, აღმოფხვრის პარლამენტში ორივე სისტემით დამდგარი პარტიის შედეგის დისკრიმინაციულ მიდგომას დაფინანსების კუთხით", - წერია განმარტებით ბარათში.

რა საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ პოლიტიკური პარტიები:

  • ქართული ოცნება - 2.08 მილიონი ლარი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 1.2 მილიონი
  • გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 1 მილიონი
  • ევროპული საქართველოს - 900 ათასი
  • პატრიოტთა ალიანსი - 744 ათასი ლარი 
  • მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 536 ათასი ლარი
  • თავისუფალი დემოკრატები - 512 ათასი ლარი
  • ლეიბორისტული პარტია - 472 ათასი ლარი
  • დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 241 ათასი ლარი
  • კონსერვატიული პარტია - 236 ათასი ლარი
  • რესპუბლიკური პარტია - 236 ათასი ლარი
  • ეროვნული ფორუმი - 236 ათასი ლარი
  • სახელმწიფო ხალხისთვის - 195 ათასი ლარი
  • ახალი საქართველო - 195 ათასი ლარი
  • ტრადიციონალისტთა კავშირი - 87 ათასი ლარი
  • თავისუფალი საქართველო - 87 ათასი ლარი
  • თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა - 87 ათასი ლარი
  • ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა - 87 ათასი ლარი
  • ახალი ქრისტიან-დემოკრატები - 87 ათასი ლარი

კომენტარები