ახალი ფრაქციების შექმნა საპარლამენტო უმრავლესობაში

კობახიძე: ახალი ფრაქციების შექმნა მენეჯმენტის რაციონალიზაციას ემსახურება

პარლამენტის პრესსამსახური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უმრავლესობაში დამატებითი ფრაქციების შექმნას გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ უმრავლესობაში დამატებით, ორი ფრაქციის შექმნის შესახებ კონსულტაციები ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს დაიწყო. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული უმრავლესობაში მენეჯმენტის რაციონალიზაციას ემსახურება.

"ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია გითხრათ, დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყო ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს. ჩვენ ვსაუბრობდით ორი დამატებითი ფრაქციის შექმნაზე იმისათვის, რომ უფრო მარტივად განხორციელდეს მენეჯმენტი უმრავლესობის შიგნით. ეს ემსახურება მენეჯმენტის რაციონალიზაციას უმრავლესობაში და ამ მიზნით საუბარია დამატებით ფრაქციების შექმნაზე. მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი, ეს შემიძლია ძალიან თამამად გითხრათ,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ფრაქციები წლის ბოლომდე შეიქმნება.

"ამას არ სჭირდება პლენარული სხდომა, ესაჭიროება ბიუროს სხდომაზე დამტკიცება, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე შეიქმნება ორი დამატებითი ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობაში. კონსულტაციები, უკვე შემდგარია, მიღებული გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილება ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, შემადგენლობასთან, ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და ამის საუძველზე მიიღება უკვე საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს მიერ," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​

დღეს, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნება და უმრავლესობა ახალი შემადგენლობით გაზაფხულის სესიაზე წარსდგება.

კომენტარები