კომუნიკაციები

სილქნეტს ჯეოსელის შესყიდვასთან დაკავშირებით მარეგულირებლისთვის ჯერ არ მიუმართავს

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტაბულას განუცხადეს, რომ მათთვის არც სილქნეტსა და არც ჯეოსელს არ მიუმართავს გაერთიანების შესახებ განაცხადით. 

დღეს გაირკვა, რომ სილქნეტი ჯეოსელს $153 მილიონ დოლარად ყიდულობს.

ჯეოსელი TeliaSonera-ს ჯგუფის წევრია. TeliaSonera-მ აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, მოლდოვის, საქართველოსა და ტაჯიკეთის ბაზრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღო.

"გარიგება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს. გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი" - განაცხადა Silk Road Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარემ გიორგი რამიშვილმა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.

„სილქნეტი“1997 წელს გიორგი რამიშვილის მიერ დაარსებული „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიაა. „სილქ როუდ ჯგუფის“ აქციონერები არიან გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია  და დევიდ ბორგერი. „სილქ როუდ ჯგუფი“ არის კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ოპერირებს კავკასიასა და ცენტრალური აზიაში, ხოლო საქართველოში იგი წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სატრანსპორტო, უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესის, სატელეკომუნიკაციო და სხვა.

დღესდღეობით „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებში დასაქმებულია დაახლოებით 5,000 ადამიანი. ბოლო ათი წლის განმავლობაში, „სილქ როუდ ჯგუფმა“ პარტნიორებთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა.

კომენტარები