თბილისის მერია

კალაძე: ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზის გარეშე არცერთი პროექტი არ აშენდება

Facebook: Kakha Kaladze

კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მაქსიმალური კონტროლი დაავალა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა აჩვენა, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

"ორი კვირის წინ დავავალე ჩემს მოადგილეებს, რომ წარმოადგინონ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს. სატენდერო დოკუმენტაციაში იქნება იმის აუცილებლობა, რომ როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი განხორციელდეს. არცერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა არ განხორციელდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროცესი დაიწყება და შესრულების ეტაპზე იქნება, საპროექტო დავალებების შესრულებაზე მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდება. მათ შორის, ფარულ სამუშაოებზე, იმისთვის, რომ საპროექტო გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე შესრულება მოხდეს.

"ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარისხი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია და გამგეობებსაც მინდა ვთხოვო, რომ ხარისხზე და ზედამხედველობაზე მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები