ნეირომეცნიერება

5 ყველაზე ძლიერი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერება და მათი გავლენა ტვინზე

Waking Times

რომელი ნარკოტიკული ნივთიერება იწვევს ყველაზე ძლიერ დამოკიდებულებას? მკვლევარების თქმით, ნივთიერების მიერ დამოკიდებულების გამოწვევის პოტენციალი შეგვიძლია სხვადასხვა კრიტერიუმით განვსაჯოთ:

  • ნივთიერების მავნებლობა
  • შავ ბაზარზე არსებული ღირებულება
  • ნივთიერების უნარი, გააქტიუროს ტვინის "დაჯილდოების", ანუ დოპამინის სისტემა
  • რამდენად "სასიამოვნოა" ნივთიერების ეფექტი
  • რამდენად მარტივად იწვევს ნივთიერება მიჩვევას
  • რამდენად მძაფრია აღკვეთის სინდრომი ("ლომკა")
  • რამდენად მარტივია, ორგანიზმი ნივთიერებას მიეჩვიოს
     

არსებობს ნივთიერების მიერ დამოკიდებულების გამოწვევის უნარის დასადგენი სხვა მიდგომებიც. მეცნიერების ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ არც ერთი ნივთიერება არ იწვევს დამოკიდებულებას ყველა შემთხვევაში.

2007 წელს ჩატარებულ კვლევაში, მეცნიერებს სთხოვეს, ჩამოეთვალათ ნივთიერებები, რომლებიც დამოკიდებულებას ყველაზე მეტად იწვევენ.

1. ჰეროინი

კვლევის მონაწილეებმა ჰეროინი ყველაზე მძაფრი დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებად დაასახელეს. მეცნიერებმა ის მოცემულ სკალაზე მაქსიმალური, სამი ქულით შეაფასეს.  

ჰეროინი ოპიატია, რომელიც ტვინში "სიამოვნების ნეიროტრანსმიტერის", დოპამინის დონეს, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით, 200%-მდე ზრდის. ჰეროინი ძალიან საშიშია, რადგან სასიკვდილო დოზა მოხმარების დოზას მხოლოდ მცირედ აღემატება.

ჰეროინი მეორე ადგილზეა პიროვნებისთვის და საზოგადოებისთვის მავნებელი ნივთიერებების სიაში.

არალეგალური ოპიატების მსოფლიო ბაზარი, 2009 წლის გამოთვლებით, დაახლოებით $68 მილიარდს შეადგენდა.

2. კოკაინი

კოკაინი პირდაპირ ერევა ტვინში მიმდინარე ისეთ პროცესებში, როგორიცაა დოპამინის გამოყენებით ინფორმაციის ერთი ნეირონიდან მეორესთვის გადაცემა. კოკაინი დოპამინის რეცეპტორების ზედმეტ სტიმულაციას და მისი აქტივობის გაზრდას იწვევს. თუ ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს დავეყრდნობით,  კოკაინის მომხმარებლის ტვინში დოპამინის რაოდენობა ნორმას, საშუალოდ, სამჯერ აღემატება.

იმ ადამიანების 21%, ვინც კოკაინს ერთხელ სინჯავს, ცხოვრების განმავლობაში მასზე დამოკიდებული ხდება. ნივთიერება ჰგავს სხვა დამოკიდებულების გამომწვევ სტიმულანტებს, როგორებიცაა ამფეტამინი და მეტამფეტამინი.

კოკაინს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 14-20 მილიონი ადამიანი მოიხმარს. 2009 წლის გამოთვლებით, მისი ბაზარი $75 მილიარდს შეადგენს.

3. ნიკოტინი

ნიკოტინი თამბაქოს შემადგენელი მთავარი დამოკიდებულების გამომწვევი ინგრედიენტია. როდესაც ადამიანი სიგარეტს ეწევა, ფილტვი ნიკოტინს სწრაფად შეიწოვს და ტვინს აწვდის.

დოპამინის დონეს თამბაქოს მოხმარებაც ზრდის. ექსპერიმენტების თანახმად, “დაჯილდოების სისტემაში” დოპამინის რაოდენობა 25-40%-ით იზრდება.

2002 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ სიგარეტს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი ეწევა. მათი გამოთვლებით,  2030 წლისთვის, თამბაქო წელიწადში 8 მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს.

4. ბარბიტურატები

ბარბიტურატები ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო ნივთიერებათა ჯგუფია. მათ თავდაპირველად შფოთის და უძილობის სამკურნალოდ, ასევე კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. ისინი ტვინში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს თრგუნავენ, რაც ტვინის გარკვეულ რეგიონებს "თიშავს".

პრეპარატის დაბალი დოზა ეიფორიას იწვევს მაღალი დოზა შესაძლოა, ძალიან საშიში, სასიკვდილო იყოს - ის სასუნთქ სისტემას თრგუნავს.

ბარბიტუარებზე დამოკიდებულება უფრო ხშირი იყო, როდესაც პრეპარატები უპრობლემოდ გაიცემოდა და ხელმისაწვდომი იყო. დროთა განმავლობაში, პრობლემის სიმწვავემ იკლო, მაგრამ ბარბიტუარები სხვა ნარკოტიკულმა ნივთიერებებმა ჩაანაცვლეს.

კვლევის მიხედვით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თუ პრეპარატი არ არის მარტივად ხელმისაწვდომი, ის ადამიანებს დიდ ზიანს ვერ აყენებს.

5. ალკოჰოლი

ალკოჰოლს ტვინზე მრავალმხრივი გავლენა აქვს. მეცნიერებმა, ლაბორატორიული კვლევების საშუალებით, ალკოჰოლის რაოდენობის მატება დოპამინის რაოდენობის მატებას დაუკავშირეს. მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად, დოპამინის რაოდენობა 40-360%-ით იმატებდა.

ალკოჰოლის მომხმარებლების 22% ცხოვრების განმავლობაში მასზე დამოკიდებულებას გამოიმუშავებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 2002 წელს ალკოჰოლი 2 მილიარდზე მეტმა ადამიანმა მოიხმარა. 2012 წელს ალკოჰოლის მოხმარებით მიყენებული ზიანის შედეგად 3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

სხვა ექსპერტებმა ალკოჰოლი ყველაზე მავნებელ ნივთიერებად დაასახელეს.


 

კომენტარები