ლუკაშენკო კვირიკაშვილზე

პრემიერის პრესსამსახური: კვირიკაშვილმა ლუკაშენკოს უთხრა, რომ რუსი ბებია ჰყავდა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას ეხმაურება. მათი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში ლუკაშენკოსთან გამართულ შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, საუბარი შეეხო რუსულ-ქართულ ურთიერთობებსაც. 

"ამ კონტექსტში, პრემიერმინისტრმა გამოთქვა გულისწყრომა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს, მაშინ, როდესაც რუსეთს ამის ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა. ბელარუსის პრეზიდენტთან საუბარი გაგრძელდა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ, როგორც ასეთი, ხალხთაშორისი ურთიერთობების დონეზე დაპირისპირება არ აღინიშნება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის არ ყოფილა დაპირისპირების არც ერთი ინციდენტი ეთნიკურ საფუძველზე. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი და დღემდე საქართველოში ბევრი შერეული ოჯახია. თუმცა, პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არსებობს წითელი ხაზები და ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე გადის. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრემიერმინისტრის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის 75 პროცენტით რუსი ადამიანია.

"მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე" - თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით 2018 წლის მარტში იმყოფებოდა.

კომენტარები