პოლიცია

პატიმრობა შეეფარდა პოლიციელს, რომელმაც შსს-ს ცნობით, პირი მოგერიებისას მოკლა

საია

პოლიციელს, რომელმაც ქურდობის ფაქტზე თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარის სამეგრელო -ზემო სვანეთის პროკურორის, დავით პაპავას განმარტებით, საქმეში არსებული რამდენიმე მოწმე და ამოღებული ნივთმტკიცება იძლევა იმის საფუძველს, რომ მიემართათ სასამართლოსთვის აღნიშნული შუამდგოლობით.

"საქმეში არსებობს მტკიცებულება, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. არაერთი მოწმის ჩვენება არის საქმეში, ამოღებულია სხვა ნივთმტკიცებაც“, - თქვა პროკურორმა დავით პაპავამ. 

ბრალდებულის ადვოკატი იოსებ ჯანაშიას შეფასებით, სასამართლო არ აღმოჩნდა გამბედავი.

"თემა გამართლდა იმით, რომ თუ არის პირი გარდაცვლილი და ის არის პოლიციელის ხელით გარდაცვლილი, არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები საზოგადოების მხრიდან. პირი აბსოლუტურად უკანონოდ მოათავსეს წინასწარ პატიმრობაში“, - თქვა ადვოკატმა ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტვინის შერყევა აქვს.

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს ბრალი სსკ-ის 116 -ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. თავდაპირველად გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.

პოლიციელი, რომელმაც ქურდობის მცდელობისთვის დასაკავებელი პირი მოგერიებისას მოკლა, ბრალდებულის სახით 23 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე "დაუდგენელ პირს" წაასწრეს. შსს-ს ცნობით, პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა.

"პოლიციელმა თავდასხმის მოგერიების მიზნით, სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა და დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა" - აცხადებს შსს.

კომენტარები