ხორავას ქუჩის საქმე

შსს: პირები, ვის მიწოდებულ ინფორმაციაზეც საუბრობს კომისია, უკვე გამოკითხული გვყავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის განცხადებას, რომელიც ახალ გარემოებებს ეხება, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხობს. უწყების განმარტებით, პირები, რომელთგანაც მიიღო კომისიამ ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს.

"მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ვაწარმოებთ. დღემდე უკვე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია დამატებით სამი პირი - მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე და არასრულწლოვანი დ.ღ.

პირები, რომელთგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს. გამოკითხვის შედეგად მოპოვებულია გარკვეული ინფორმაცია, რომლის გადამოწმების და სხვა პირების პასუხისგებაში მიცემისთვის შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

საგამოძიებო კომისიას არ აქვს სამინისტროს მიერ გამოყოფილი საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ყველა ინფორმაცია, ვინაიდან მტკიცებულებების შეკრება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 18 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა საგამოძიებო კომისიას და შესთავაზა გაუთქმელობის ხელწერილის საფუძველზე დამატებითი მასალის, მათ შორის მათ მიერ დღეს მედიით გაჟღერებული ინფორმაციის გადაცემა, რაზეც კომისიიდან პასუხი სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია.

აქვე გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ კომისიასთან თანამშრომლობა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით ასევე გადავამოწმოთ ყველა შესაძლო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია" - აცხადებს შსს.

საქმეზე გამოკვეთილი ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაცია დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს, არასრულწლოვნების დაკითხვის შემდეგ გაავრცელა. მათ შსს-ს მიმართეს, გადაამოწმოს ახალი ვერსია, რაც დაკითხვების შემდეგ გამოიკვეთა.

-------------------------

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა. როგორც 25 ივნისის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, დაპირისპირების ერთერთი მონაწილე მიხეილ კალანდია ჩვენებაში ამბობს, რომ მესამე პირი დ.ღ.-მ დაჭრა. აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა. საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

კომისიის ღია სხდომებზე ასევე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს. ასევე, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დადგინდა, რომ შსს-ს და პროკურატურას განსხვავებული ვერსიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ჩხუბის დაწყებამდე, მკვლელობის ადგილიდან რამდენ მეტრში იდგა მიხეილ კალანდია.

ამის გარდა, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობის "მიწებებასაც" ცდილობდა. ეჭვის საფუძვლად ის ფაქტები დასახელდა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში გ.ბ აღწერს და ადასტურებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ხოლო დავით სარალიძეზე ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გ.ბ-ს დანაზე არ აღმოჩნდა სარალიძის დნმ და მასზე მხოლოდ დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალაა. ერთადერთი მოწმე, ვინც გ.ბ-ს სარალიძის მიმართ ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებს, მიხეილ კალანდიაა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები