აშშ-თურქეთი

ერდოღანი აშშ-ს: სანქციების წინაშე უკან არ დავიხევთ, გულწრფელ პარტნიორს დაკარგავთ

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპის მხრიდან სანქციების მუქარას გამოეხმაურა:

"ჩვენ სანქციების წინაშე უკან არ დავიხევთ. მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ გულწრფელ პარტნიორს დაკარგავენ." თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თურქეთს "ფართო სანქციების" დაწესებით დაემუქრა, თუ ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებენ.

"აშშ თურქეთს პასტორ ენდრიუ ბრანსონის ხანგრძლივი დაკავების გამო ფართო სანქციებს დაუწესებს. დიდებული ქრისტიანი, ოჯახის კაცი და შესანიშნავი პიროვნება დიდად იტანჯება. უდანაშაულო მორწმუნე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ!" დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

აშშ-ის სენატში თურქეთისათვის F-35 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავების მიყიდვის დაბლოკვას მოითხოვენ, მანამ, სანამ ტრამპი არ დაამოწმებს, რომ თურქეთი NATO-ს საფრთხეს არ უქმნის, თავდაცვის ტექნიკას რუსეთისაგან არ ყიდულობს და აშშ-ის მოქალაქეებს არ აპატიმრებს. ერდოღანის თქმით თუ აშშ დაპირების მიხედვით თვითმფრინავებს არ მიჰყიდის საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ისრაელმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპმა მათ დაკავებული თურქი ქალის გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რომელსაც ისრაელი ჰამასთან კავშირში ადანაშაულებდა.

ისრაელმა ებრუ ოზქანის დეპორტაცია 15 ივლისს განახორციელა. მედიის მიხედვით ვაშინგტონში მოელოდნენ, რომ სანაცვლოდ თურქეთი ბრანსონს გაათავისუფლებდა. ერდოღანმა დაადასტურა, რომ აშშ-ს ოზქანის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა:

"ჩვენ ვუთხარით აშშ-ს, რომ მათ შეეძლოთ დაგვხმარებოდნენ უდანაშაულო ებრუს თურქეთში დაბრუნებაში. თუმცა, ჩვენ არ გვითქვამს, რომ სანაცვლოდ ბრანსონს გადავცემდით." თქვა ერდოღანმა.

კომენტარები