თავდასხმა ზურაბ ვარდიაშვილზე

ლიბერალის რედაქტორზე თავდასხმისთვის ჯერაც არავინ დაუკავებიათ

ლიბერალი

ლიბერალის რედაქტორზე თავდასხმისთვის ჯერაც არავინ დაუკავებიათ. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყებაში კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ საქმეზე ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს, მათ შორის, ეტაპობრივად ინციდენტის ყველა მოწმე გამოიკითხება

პოლიციამ გუშინ, 17 სექტემბერს კიდევ ერთხელ გამოკითხა თავად ზურა ვარდიაშვილი და დამაზუსტებელი კითხვები დაუსვა. 

"ცდილობდნენ, დამაზუსტებელი კითხვები დაესვათ. მე რაც შემეძლო, ვუპასუხე. მაჩვენეს ერთი ადამიანის ფოტო, ხომ ვერ ამოიცნობო. მე ავუხსენი, რომ თავდამსხმელებისსთვის თვალის შევლებაც კი ვერ მოვასწარი. როგორც ვიცი, ერთი პიროვნება დაკითხვაზე ჰყავდათ. ის დაკითხვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, იმ ოთახს და ჩემს ოთახს შორის მოძრაობდნენ პოლიციელები. საბოლოოდ, მე წამოვედი. წამოსვლისას რომ ვიკითხე, რა არის შედეგი, მითხრეს, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ხვალ რომ გაიღვიძებ და დარეკავო, უფრო მეტი გვქნება სათქმელიო. რო გავიღვიძე და დავრეკე, მითხრეს, რომ ჯერ არავინ არის დაკავებული", - ამბობს ვარდიაშვილი. 

ლიბერალის რედაქტორს თავს შაბათს დაესხნენ. ზურა ვარდიაშვილს​, დაახლოებით 20:30-ზე, თავს 5-6 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ორგანიზებულად დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ლიბერალის ცნობით, თავდამსხმელების იდენტიფიცირება პოლიციამ შეძლო, თუმცა, ისინი არც დაუკითხავთ. 

როგორც ვარდიაშვილი ლიბერალთან ყვება, თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი მანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. ვარდიაშვილმა მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.

„როგორც ჩანს, ეს იყო ადგილსამყოფელის დადგენის მიზეზი. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი - ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური - „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ", - ამბობს ვარდიაშვილი. 

შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებმაც თავად დარეკეს პოლიციაში. ვარიდიაშვილის თქმით, მას პოლიციაში ეკითხებოდნენ, "ლიბერალი" ვინმეს ბიზნესს ხომ არ შეხებია. ვარდიაშვილმა მათ აუხსნა, რომ „ლიბერალი" უამრავ თემაზე წერს და ასე კონკრეტულად მოტივის დადგენა მას თავად უჭირს

ლიბერალი წერს, რომ მოგვიანებით ვარდიაშვილს პოლიციამ აუხსნა, რომ თავდამსხმელები მას სხვა პირის ნაცვლად, შეცდომით გაუსწორდნენ - ის ეგონათ ადამიანი, რომელმაც 14 სექტემბერს "კარფურში" იჩხუბა და რომელმაც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები