ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა სატელევიზიო მედიასთან 26 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება. რიგით მეორე შეხვედრაზე მაუწყებლებთან, ივანიშვილი მაესტროს, ობიექტივს, პალიტრას, კავკასიას, იბერიას ეპატიჟება, ასევე R2-ს - ხელმეორედ
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედია სტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ შეფასებული იქნა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა.
სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე რუსთავი2-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე მიტანის ვალდებულება, " - ვკითხულობთ განცხადებაში.
მიწვევა მიუვიდა ტელეკომპანია იბერიასაც, რომლის საინფორმაციო სამსახური აღარ ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელის, ვახო ხუზმიაშვილის თქმით, გადაწყვეტილება არ მიუღია, დაესწრება თუ არა პრესკონფერენციას.