გახარიას მოსმენა პარლამენტში

კობახიძე: გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს გიორგი გახარიასთან კითხვების დასმისა და პასუხების მიღების საშუალება, ამისთვის, ერთადერთი ფორმატი პარლამენტის პლენარული სხდომაა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა. 

კობახიძის თქმით, გახარიას მოსმენის სურვილი რამდენიმე კომიტეტს ჰქონდა და აქედან გამომდინარე ეს ფორმატი, დეპუტატების ინტერესებს საუკეთესოდ პასუხობს.

"იყო რამდენიმე კომიტეტისგან იმის ინტერესი, რომ მომხდარიყო მოსმენა და შეხვედრა გიორგი გახარიასთან და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს გიორგი გახარიასთან კითხვების დასმის საშუალება. ამისათვის ერთადერთი ფორმატი არის პარლამენტის პლენარული სხდომა. ვფიქრობ, ეს ფორმატი საუკეთესოდ პასუხობს დეპუტატების, კოლეგების ინტერესებს", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე 21 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარდგება. 

გიორგი გახარია პარლამენტის ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად მიდის, რომლის მიხედვითაც, მინისტრთა კაბინეტის მოსმენის მოთხოვნას პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს და პარლამენტი მას მოთხოვნისთანავე უსმენს. შს მინისტრისგან შესაბამისი მიმართვა უკვე მიიღეს პარლამენტის დეპუტატებმა. 

რამდენიმე დღის წინ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარი ინციდენტის გამო, ევროპულმა საქართველომ პარლამენტში დაიბარა. 

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტის ძველი რეგლამენტი შეცვალა, მთავრობის წევრს მოეხსნა პარლამენტის წინაშე წარდგენის ვალდებულება მაშინ, როდესაც მას დეპუტატები დაიბარებენ. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, გახარიას შესთავაზა, პარლამენტის ახალი რეგლამენტით ესარგებლა. 

ცნობილია, რომ პარლამენტში გახარიას მოსმენის შემდეგ დეპუტატების გამოსვლები დაიწყება. 

კომენტარები