დედა ენა

დედა ენის გოგებაშვილისეული მეთოდი - კომიტეტებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების დეპუტატების ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, დედაენას იაკობ გოგებაშვილის მეთოდით მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, დედა ენა სასწავლო პროცესში ჩართოს.

"დედაენა არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილი ნომინაციის - "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა", ერთ-ერთი ელემენტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია ითხოვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას. ეს გულისხმობს განსაკუთრებული ზომების მიღებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიცოცხლისუნარიანობის, იდენტიფიკაციის, დოკუმენტირების, კვლევის, შენარჩუნების, დაცვის, პოპულარიზაციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას, რაც დედაენის, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდის შემთხვევაში, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს აღნიშნული წიგნი სასწავლო პროცესში" - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"დედა ენის“ სახელმძღვანელოს სკოლებში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ჯგუფი უკვე შექმნილია. განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მასში "ყველა დაინტერესებული მხარეა" ჩართული.

კომენტარები