უზენაესის მოსამართლეების სია

გირჩი: უზენაეს სასამართლოს არაფერი ეშველება

"ამ სასამართლოს არაფერი ეშველება" - გირჩი უზენაესი სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პრობლემა არის მთლიანად სასამართლოსა და პროკურატურის სისტემაში და არა კონკრეტულ გვარებში. 

"პრობლემის დაყვანა კონკრეტულ გვარებამდე, მურუსიძე-ჩინჩალაძემდე, და ამ პრობლემის მოგვარების გზად შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა, სინამდვილეში, ან გულუბრყვილობაა, ან უგუნურება, და რეალურად აწყობს არსებულ სისტემას. 

პრობლემა არის სისტემაში, რომელიც გვაქვს სასამართლოსა და პროკურატურაში და ეს სისტემა ნებისმიერს აქცევს კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძედ (ივანიშვილი აქ მართალია, ისინი მსხვერპლები არიან). 

თუ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება გულწრფელად გვინდა, ეს სისტემა უნდა დაინგრეს. წესით, ეს ისედაც გასაგები უნდა გამხდარიყო ყველასთვის, როდესაც რეფორმების მეოთხე ტალღამ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მურუსიძე მოიტანა. ამ სისტემას ჯალათები სჭირდება და არა ადამიანები, რომელთაც მტყუან-მართლის გარჩევა აინტერესებთ." - წერია განცხადებაში.

გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. 

"შესაცვლელია ის წესი, რომელიც ჯალათობას ითხოვს მოსამართლისგან.

რა არის ამისთვის გასაკეთებელი:

1. სამოქალაქო საქმეებზე: 
ა) არბიტრაჟის პრინციპზე დაფუძნებული ბევრი, ერთმანეთთან რეპუტაციულ კონკურენციაში მყოფი სასამართლო და მოსამართლე; 
ბ) მოსამართლეობა უნდა შეეძლოს ნებისმიერს, ვისზეც თანხმდებიან მხარეები.

2. სისხლის სამართლის საქმეებზე: 
ა) თუ არ არსებობს დაზარალებული ან არ ჩივის - არ არსებობს დანაშაული; 
ბ) პროკურორი ემორჩილება დაზარალებულს და ადამიანს აქვს უფლება აპატიოს სხვა ადამიანს; 
გ) პროკურორობა უნდა შეეძლოს ნებისმიერს, ვისაც აირჩევს დაზარალებული.

3. ადმინისტრაციულ საქმეებზე: 
ა) თუ ადამიანს არავინ არაფერს ედავება - ყველაფრის უფლება აქვს; 
ბ) თუ ედავება - ამისთვის არსებობს პირველ პუნქტში მითითებული სასამართლო.

ესაა ერთადერთი გზა, თუ გვინდა სამართლის, როგორც პროდუქტის ხარისხი მუდმივად გაუმჯობესდეს ამ ქვეყანაში.

ასევე, ასეთ შემთხვევაში, ნაკლები მნიშვნელობა ექნება, ვინ იქნება უზენაეს სასამართლოში, რადგან ბევრად ნაკლების გაფუჭებას შეძლებს.

ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება მარტივად, ქართული ოცნების პირობებშიც კი, მაგრამ ერთი პრობლემაა - ასეთი სასამართლო მთავრობის ან მთავრობის რეალური უფროსის ჭკუაზე არ ივლის." - წერია განცხადებაში. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ წარსადგენი მოსამართლეების სია პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე უნდა განეხილა, თუმცა განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო. განხილვის გადადების შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და ამის მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა.

კომენტარები