უზენაესის მოსამართლეების სია

ბესელია: ნაკლებად მაინტერესებს ვინ დაიბრალებს შედეგს, მთავარია, რომ სია შეჩერდა

ტაბულა

"ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა" - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ბესელიას თქმით, პირველი ეტაპის მიზანი მიღწეულია და ეს მისი თანამდენობიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დამსახურებაა. 

"ვფიქრობ, ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული. პირველი ეტაპის ამოცანა იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე გასული წლის ბოლო კვირას, არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე, შეჩერებულიყო ამ საკითხის განხილვა და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ვინ შეიძლება დასახელდეს ასეთ მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და პოზიციაზე და როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა. ეს მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც მე მივიღე ოთხშაბათს და ვფიქრობ, ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების, ასევე ყველა იმ ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი სასამართლოს განხორციელება ქვეყანაში.“ - თქვა ბესელიამ. 

ბესელია იმაზეც საუბრობს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი და მისი თქმით, უნდა მომზადდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც იქნება გარანტია, რომ "მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ", ვერ გამწესდებიან უზენაეს სასამართლოში უვადოდ. 

„ეს პროცესი, რაც ახლა გაცხადდა, მიმაჩნია, რომ არის ჯანსაღი, კარგი და მივესალმები, რომ ეს საერთო ხედვის ნაწილი გახდა. მიუხედავად იმისა, ამას ვინ ეთანხმებოდა, ვინ არ ეთანხმებოდა, მეორეხარისხოვნად მიმაჩნია, ვისი ბრალია, ვინ ვის დააბრალებს, ვინ ვის რას ეტყვის - ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის მნიშვნელოვანი არის და იყო, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. ამიტომ ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა, ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. ეს სია ვერ იქნება განხილული იურიდიული კომიტეტის მიერ, ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში შესატანი ცვლილებების მომზადება. ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, რომ შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ კანდიდატად, ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს და იყვნენ მისი მსახური. მე ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური ამ პროცესში." - ამბობს ბესელია.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დეკემბრის ბოლოს დატოვა, ამის მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა. 

კომენტარები