დაპირისპირება ჭიდაობის ჩემპიონატზე

"არაფერი დანაშაული იქ არ იკვეთება" - მოჭიდავეთა ნაწილი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს

რუსთავი2

უკვე მეორე დღეა, ჭიდაობის ფედერაციასთან სპორტსმენთა ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციას მართავს.

ისინი ამბობენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება უბრალოდ ინციდენტი იყო და ფაქტი ფედერაციაში განხილვით უნდა დასრულებულიყო. აქციაზე შეკრებილები მიიჩნევენ, რომ გეგეშიძის დაკავების საფუძველი არ არსებობდა. 

"არაფერი დანაშაული იქ არ იკვეთება, არ იყო იქ ცემა, არც ძალადობა არ იყო. შეხლა-შემოხლა იყო"- ამბობს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე. 

შექმნილ სიტუაციას, არასასიამოვნო მდგომარეობას უწოდებს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე. 

"პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, მაგრამ ერთი არის, რომ ჭიდაობის სამყაროს უნდა მიეცეს იმის საქმიანობის საშუალება, რასაც აკეთებდა. რაც მოხდა, ვთანხმდებით იმაში, რომ ყველა ვაცნობიერებთ იმას, რაც მოხდა და პასუხისმგებლობასაც არ გავურბივართ"- აღნიშნა მან. 

მსოფლიო ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ზურაბ იაკობიშვილმა კი თქვა, რომ გეეგშიძის დაკავებით მთავრობამ წითელი ხაზი გადაკვეთა. 

"დაკავებას არ ველოდით იმიტომ, რომ რაღაც ფიზიკური, თუნდაც ჩხუბი დაარქვი, პატარა აყალმაყალი, მაგის გულისთვის არცერთ სპორტში და მით უმეტეს ჭიდაობის ოჯახში, არ უნდა ხდებოდეს. ძალადობას მე არ ვეძახი ეგეთ ჩხუბს. დასაჭერი არ იყო. სასამართლოს უნდა ემსჯელა. მთავრობამ წითელ ხაზს გადააბიჯა"- ამბობს იაკობიშვილი

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს, სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გაუსწორდა.

თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეო შაბათის კურიერმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. 

თავად გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილთან დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მისი თქმით, არავისთვის არაფერი ჩაურტყამს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გუშინ დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები