პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები

ფარულ ჩანაწერებზე დაკავებული 4-ვე პირი საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული 4-ვე პირი საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო. მის გადაწყვეტილებას ბრალდებულების ადვოკატები უსაფუძვლოს უწოდებენ და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. 

"ეს არის სრულიად გაუგონარი და არასწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ფორმის გამოყენების არც ფორმალური და არც მატერიალური საფუძვლები. არავითარი დასაბუთება ჩვენ ბრალდების მხარის მიერ არ მოგვისმენია, თუ რა საფრთხეები არსებობდა კონკრეტულად ისეთი, რაც აღკვეთის ღონისძიების ამ უმკაცრესი ფორმას - პატიმრობას - განაპირობებდა,"- ამბობს ადვოკატი დავით გირგვლიანი. 

შუამდგომლობა მათი წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ ბრალდების მხარემ დააყენა. ამასთან, პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების პერიოდის გახანგრძლივება მოითხოვა, შესაბამისად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. 

"სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. მიმდინარეობს გამოძიება, რაიმე დეტალური ინფორმაციას დღეის მდგომარეობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. ჩასატარებელი გახლავთ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებები. სწორედ აღნიშნულის გამო მიემართა შუამდგომლობით სასამართლოს,"- ამბობს პროკურორი გიორგი მუკბანიანი. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 პირი 1 თებერვალს დააკავა. მათგან 4 წინასწარ პატიმრობაში დატოვა, ხოლო დანარჩენი კი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

შსს-ის მიერ 16 ახალგაზრდის დაკავებას წინ უძღოდა უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

კომენტარები