ალჟირი

20-წლიანი მართვის შემდეგ ალჟირის პრეზიდენტი თანამდებობიდან აქციების ფონზე გადადგა

ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ბუტეფლიკას, რომელიც უკვე 20 წელია ქვეყნის სათავეშია, პრეზიდენტად მე-5 ვადით კენჭისყრის გეგმა მას შემდეგ ჩაუვარდა, რაც ოპოზიცია საგრძნობლად გაიზარდა. 82 წლის პრეზიდენტს გადადგომისკენ ალჟირის ჯარმა მოუწოდა, რადგან მას უკვე აღარ შეეძლო თავისი უფლებამოსილებების შესრულება. 

ბუტეფლიკას 6 წლის წინ ინფარქტის შეტევა ჰქონდა, რის შემდეგაც ის საჯარო ცხოვრებაში იშვიათად ჩნდებოდა. ადგილობრივი მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა ოფიციალურად მიმართა საკონსტიტუციო საბჭოს შესაბამისი განცხადებით. 

საპროტესტო აქციების ლიდერებმა ბუტეფლიკას შეთავაზებაზე, დალოდებოდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას (28 აპრილს) უარი განაცხადეს. აქციის მონაწილეები მთლიანი პოლიტიკური სისტემის ცვლილებას ითხოვენ, რომელშიც სამხედროები დიდ როლს თამაშობენ. აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მათ მთავრობის ახალი სისტემა სურთ. 

აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენების, პოლიტიკოსებისა და სამხედრო მეთაურების დაჯგუფებები ბუტეფლიკას თავიანთი ძალაუფლებისთვის იყენებენ და რეალუარად ქვეყანას ის არ მართავს. მმართველმა პარტიამ ეროვნულმა განმანთავისუფლებელმა ძალამ (FLN), რომელმაც 18 აპრილს დაგეგმილი არჩევნები გადადო, დაიფიცა, რომ რეფორმების ჩასატარებლად ეროვნულ კონფერენციას მოაწყობს. 

FLN ალჟირს იმ დროიდან მართავს, როდესაც ქვეყანამ 1962 წელს საფრანგეთთან 7-წლიანი კონფლიქტის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ბუტეფლიკა ქვეყნის სათავეში 1999 წელს მივიდა. 

დასავლური მედია ალჟირის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბუტეფლიკას გადადგომის შესახებ გახდა ცნობილი, ქალაქში სიხარულის გამოხატვის ნიშნად მანქანების სირენების ხმები ისმის.

ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩევნების ჩატარებამდე 3 თვის განმავლობაში პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე აბდელკადერ ბესალაჰი იქნება.

კომენტარები