SaloneSatellite ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის საერთაშორისო გამოფენაა, რომელზეც საკუთარ ნამუშევრებს ახალბედა დიზაინერები წარმოადგენენ. გამოფენა და მისი თანმხლები დაჯილდოების ცერემონია მილანში ყოველწლიურად ამ სფეროს ყველაზე მასშტაბური გამოფენის Salone del mobile-ს პარალელურად იმართება. 35 წლამდე ასაკის დამწყებ, თუმცა თავის საქმეში გამორჩეულ დიზაინერებს თავის წარმოჩენის ეს შესაძლებლობა 1998 წლიდან ეძლევათ და როგორც წესი, მათი სამომავლო წარმატების საწინდარიც ხდება.
SaloneSatellite-ზე წარმოდგენილი ნამუშევრები, როგორც წესი, თემატურია. წელს გამოფენა მასალის გადამუშავების პროცესსა და ამის გამოყენებაზე იყო ფოკუსირებული.
ჟიურიმ, რომელიც დიზაინის სამყაროს მოწინავე ფიგურებისგან შედგება, 2019 წლის გამარჯვებული პროექტები 10 აპრილს გამოავლინა.
პირველი პრიზი
ჯილდო იაპონურ დიზაინის სტუდიას Kuli-Kuli ერგო, პროექტისთვის - კობეს ტყავი. ეს სტუდია დაფუძნებული სწორედ იაპონიის ქალაქ კობეშია, რომელიც იქ წარმოებული ხორცითაა განთქმული. დიზაინერებმა, ადგილობრივ ტყავის გადამმუშავებლებთან ერთად, ძროხის ტყავი ახალი პროდუქტების კოლექციად გარდაქმნეს. ჟიურიმ ამ პროექტის მთავარ ღირსებად მასალის იმგვარად გამოყენება დაასახელა, რაც ქმნის დიზაინის სისტემას, რომელიც სხვადასხვა ტიპის პროდუქს შეიძლება მივუსადაგოთ.
მეორე პრიზი
გემრანულმა სტუდიამ PHILIPP HAINKE პროექტი "შარავანდედი" წარმოადგინა. წარმოდგენილი "შარავანდედის სკამის" კონცეფცია მიზნად ისახავდა, ეჩვენებინა კანაფისგან დამზადებული მსუბუქი მასალის შესაძლებლობები. ჟიურიმ ჩათვალა, რომ "შარავანდედის სკამი" არის მაგალითი იმისა, თუ რა არის დიზაინი მისი ყველაზე ფართო გაგებით და მოგვიწოდებს მასალის, ფორმის, ფუნქციურობისა და წარმოების მეთოდების ხელახალი შესწავლისკენ.
მესამე პრიზი
იაპონელი ბაკუ საკაშიტას პროექტი "2.5 განზომილებიანი ნივთები" - ეს მავთულის 3D კონსტრუქციებია, რომელიც ქაღალდის ზედაპირზე დახატული ორ განზომილებიან შავ ხაზებს გავს. ოპტიკურ ილუზიას 0.3 მილიმეტრის დიამეტრის მავთულის სიწვრილე ქმნის. ჟიურიმ მიიჩნია, რომ 2.5 განზომილებიანი ობიექტის არტისტული აბსტრაქცია შთამბეჭდავია და აჩვენებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს.
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და დიზაინის კომპანიებისგან შემდგომი თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო ხორვატიულმა KOKO-მ. ამ უკანასკნელმა წარმოადგინა საბავშვო ნივთები, რომლებიც რვა ელემენტისგან შედგება, კომბინაციის ცვლილება კი მათ ფუნქციას და ფორმას ცვლის. მსგავსი შეთავაზება მიიღო იტალიური STUDIOMIREI-ის პროექტმაც „ნისლეული ლამპა“ - რომელიც ვარსკვლავთაშორის მტვრის ღრუბელს გამოსახავს და ბანანის ბოჭკოსგანაა დამზადებული. სპეციალური პრიზი ნომინაციაში „საჭმელი, როგორც დიზაინის ობიექტი“ ავსტრალიელმა კრისტენ ვანგმა მიიღო - ყავისგან დამზადებული ბიოდეგრადირებადი ტაბურეტისთვის.