ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღკვეთის ღონისძიებად არასაპატიმრო ღონისძიება პროკურატურამ მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ ლევან ჯიბღაშვილს Facebook-ზე ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად გადაღებული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული - შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, ქართული ოცნების დეპუტატი დავით სონღულაშვილი, ასევე ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი გასულ წელს ჯიბღაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდნენ.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის I და III ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა). ბრალდება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები იპოვეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეკუთვნის. მისივე თქმით, ლევან ჯიბღაშვილი ბრალდებას აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების გამო, პოლიტიკურმა ორგანიზაცია გირჩმა შსს-ს, პროკურატურას და სასამართლოს კითხვებით მიმართა. მათი თქმით, უნდა გამოირიცხოს შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი.
გირჩის განცხადებით:
- შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს, რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?
- პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
- სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
- სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?
- სასჯელაღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს, რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?
აქვე შეგახსენებთ, რომ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, დაკავებისას, ლევან ჯიბღაშვილი ითხოვდა - "სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს". 23 აპრილს TV პირველის ჟურნალისტმა კალაძეს ჰკითხა, რა ურთიერთობა აკავშირებს მსახიობთან. თუმცა, თბილისის მერმა თქვა, რომ ჟურნალისტი მოუმზადებელია.
"დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებულები. კარგად მოემზადეთ და მერე დამისვით კითხვა",- თქვა კალაძემ.