კიბერდანაშაული

ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის ქსელის ლიდერი და მის ასისტენტი საქართველოში დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელი, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს საბანკო ანგარიშებიდან ფულს პარავდა, საერთაშორისო ოპერაციის შედეგად დაიშალა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქსელის ლიდერი და მისი ასისტენტი საქართველოში დააკავეს - ა.კ., რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით "None" და მ.კ., რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით "Phantom". პროკურატურის ინფორმაციით, ისინი დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოდან ახორციელებდნენ. მათივე თქმით, ბრალდებულები აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაზარალებულთაგან 100 მილიონი აშშ დოლარის მოსაპარად GozNym-ის მავნე პროგრამას იყენებდნენ.

"NONE-ს და PHANTOM-ს ბრალად ედებათ აშშ-ს ათამდე კომპანიის მიმართ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებში: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლი); კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (158-ე მუხლი); კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის (285-ე მუხლი); ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლი)", - ამბობენ პროკურატურაში.


ფოტო: პროკურატურა
უწყების ინფორმაციითვე, მათ 9 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად, ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ჯგუფის წევრების მიმართ უპრეცედენტო სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა, რაც აშშ-ს, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, გერმანიას, ბულგარეთს, ევროპოლსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შედეგია. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოდან, აღნიშნულ ღონისძიებაში გენერალური პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა.

"ორი წლის მანძილზე, ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები  ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის იმ მონაწილეების გამოსავლენად და უტყუარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოდან ახორციელებდნენ", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე თქმით, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნას საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს.

კომენტარები