კიბერდანაშაული

GTA VI-ის კადრების გამავრცელებელ 18 წლის ჰაკერს სასამართლომ უვადო მენტალური მკურნალობა მიუსაჯა

პოპულარული თამაშის, GTA VI-ის კადრების გამავრცელებელ 18 წლის ჰაკერს აუტიზმის დიაგნოზისა და საზოგადოებისთვის საშიშროების მაღალი რისკის გამო სასამართლომ უვადო მენტალური მკურნალობა მიუსაჯა. 

18 წლის ინგლისელი, არიონ კურტაი საერთაშორისო კრიმინალური კიბერორგანიზაცია, Lapsus$-ის წევრია. ორგანიზაცია თავს დაესხა გიგანტურ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა, Uber, Nvidia და Rockstar Games. ჯამში, აღნიშნულ კომპანიებს კიბერთავდასხმის შედეგად $10 მილიონამდე ზარალი მიადგათ. 

კურტაი პირობით სასჯელზე იყო და მას ლეპტოპი ჰქონდა ჩამორთმეული Nvidia და BT/EE-ის დაჰაკვის გამო, ამის მიუხედავად, მან სასტუმროს ნომრის ტელევიზორით, მობილური ტელეფონითა და ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტით შეძლო Rockstar-ის დაჰაკვა და GTA VI-ის 90-მდე კადრი მოიპარა.

ექიმების გადაწყვეტილებით, აუტიზმის გამო კურტაი ვერ შეძლებდა სასამართლოზე წარდგენას. სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კურტაი კვლავ გამოხატავს კიბერდანაშაულის ჩადენის სურვილს და მას ამის დიდი მოტივაცია აქვს. 

შესაბამისად, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მისი უნარებისა და კიბერდანაშაულის ჩადენის სურვილის გამო, კურტაი საზოგადოებისთვის საშიშროების მაღალ რისკს წარმოადგენს.

მოსამართლის განჩინების მიხედვით, 18 წლის ჰაკერს სპეციალური დაცვის საავადმყოფოში უვადოდ გადაიყვანენ. მისი გათავისუფლება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმები დაადგენენ, რომ ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. 

კომენტარები