საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ზრდა ყველაზე მაღალი შემდეგ დარგებში იყო:
- განათლება - 15.7%
- სასტუმროები და რესტორნები - 13.1%
- ტრანსპორტი - 12.8%
- კავშირგაბმულობა - 12.3%
- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - 11.4%
მშენებლობის სექტორი წლის პირველ კვარტალში 9.6%-ით შემცირდა. კლების ძირითადი მიზეზი ახალი საბანკო რეგულაციებია, რომლებიც მომხმარებელს ურთულებს უძრავი ქონების შეძენას. 13 ივნისს, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ რეგულაციები გადახედვას საჭიროებს:
"[საბანკო რეგულაციები] ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, ამ სექტორს. მხედველობაში მაქვს დეველოპერები, მხედველობაში მაქვს სამშენებლო სექტორი. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება ალბათ აუცილებლად მოგვიწევს."
კლება შეინიშნებოდა ასევე სამთომოპოვებითი მრეწველობის (-3.8%) და სოფლის მეურნეობის (-0.3%) დარგებში.
მთლიანი შიდა პროდუქტში ყველაზე მსხვილი წილი ვაჭრობაზე (მშპ-ს 16.8%), მრეწველობაზე (16.6%) და ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის (10.9%) დარგებზე მოდიოდა.